ახალი ამბები

თელაველი ანი ჭოტორიშვილი ქვებისგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნის- ფოტოები

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა, ანი ჭოტორიშვილი ქვებისგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ის ქვების დახმარებით სხვადასხვა პეიზაჟებს და კადრებს აცოცხლებს.

ანი პროფესიით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი და ეპიდემიოლოგიის მაგისტრია, თუმცა რამდენიმე წელია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს. იგი ამბობს, რომ ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაობის შემდეგ კი, როგორც ის ამბობს, საკუთარი თავი აღმოაჩინა და ქვების საშუალებით შინაგან განწყობებს და გრძნობებს გადმოსცემს. Knews.ge-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ახალგაზრდასთან.

მოგვიყევით თქვენს შესახებ, საიდან ხართ, რა იყო თქვენი ინტერესის სფერო ბავშვობიდან და რას აკეთებდით აქამდე?

დავიბადე და გავიზარდე თელავში. პროფესიით ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი და ეპიდემიოლოგიის მაგისტრი, მაგრამ 5 წელია სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობ. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხელოვნება, თუმცა ვერაფრის ნიჭი ვიპოვე ჩემში და ამის გამო ყოველთვის გული მწყდებოდა. განსაკუთრებით კი, ხატვა მინდოდა, მაგრამ გულების და ვარსკვლავების ხატვის მეტი არაფერი შემეძლო. ბევრი მცდელობის და უზარმაზარი სურვილის შემდეგ, როგორც იქნა აღმოვაჩინე ჩემი თავი ხელოვნებაში, ქვების საშუალებით. ეს ნიშნავს იმას, რომ არასოდეს უნდა შევწყვიტოთ ძიება. სწორედ ამ ზღვის კენჭებით გამიცნო ხალხმა.

როდის გაგიჩნდათ ინტერესი ასეთი განსხვავებული ნამუშევრები გაგეკეთებინათ?
ამ ყველაფრის კეთების ინტერესი 3 წლის წინ გამიჩნდა, თუმცა ეს მხოლოდ ჰობი იყო. ნამუშევრებს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვჩუქნიდი და ეს ძალიან მაბედნიერებდა. რაც დრო გადიოდა, ახალი იდეები მიჩნდებოდა და ჩემი ნამუშევრებიც უფრო იხვეწებოდა. სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე თავი გაყიდვებში მეცადა და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. მინდა, ბევრი ადამიანის სახლის კედელს ამშვენებდეს ჩემი ნამუშევრები და მათ დანახვაზე ადამიანები იღიმოდნენ.

ახლა რას აკეთებთ, როგორ ამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს, ნახატებს.
სამი ზაფხულია ქვები ზღვიდან ჩამომაქვს. მე და ჩემი მეგობრები რუჯის მიღების ნაცვლად კენჭებს ვაგროვებთ ხოლმე – ადამიანების ფიგურების პოტენციურ თავებს და სხეულებს. ყველაზე მეტად გულის ფორმის ქვის მოძებნა არის რთული. სურვილი და მოტივაცია ისეთი მაქვს, თავსხმა წვიმაშიც კი გავსულვართ ქვების შესაგროვებლად, ეს ცალკე თავგადასავალია. შემდეგი ეტაპი ჩარჩოს შერჩევაა, ფერების ერთმანეთთან შეხამება და ბოლოს, ფიქრი, წყვილის გაკეთებით დავიწყო, მეგობრების თუ ოჯახის. ყოფილა შემთხვევა, რომ რამდენიმე დღე მიფიქრია წარწერასა თუ ქვების განლაგებაზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

გააცანით თუ არა საზოგადოებას ნამუშევრები და, რა გამოხმაურებები მოყვა?
მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და თუ რაიმეს საზოგადოებისთვის გაცნობა გვინდა, სოციალური ქსელი ამის იდეალურ შესაძლებლობას გვაძლევს. დიდხანს ვიფიქრე საჯარო გამოჩენაზე, თუმცა სურვილი მქონდა. ბოლოს, გამბედაობა მოვიკრიფბე და ათი გასაყიდი ნამუშევრის სურათი დავდე. ფოტოებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ასეთს ვერც წარმოვიდგენდი. იმავე საღამოს თითოეულს გამოუჩნდა ახალი სახლი. ასეთმა კომენტარებმა დიდი სტიმული მომცა, რომ ჩემი საქმე გამეგრძელებინა და კიდეც ბევრი ახალი ექსპოზიცია შემექმნა.

სამომავლოდ რას გეგმავთ?
ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში გვერდი გავაკეთე „Pebbly • ფებლი“ და იქ დავიწყე სურათების განთავსება. მინდა, რომ ბევრი ახალი ნამუშევარი შევქმნა და ჩემი ზღვის კენჭებით ადამიანებს ბევრი დადებითი ემოცია მოვუტანო. ვფიქრობ, ეს ერთგვარი სტიმულიც იქნება მათთვის, რომ არაფრიდან ყველაფრის შექმნაა შესაძლებელი, მინიმალური ხაზებიდან – სასიამოვნო გრძნობების და შეუმჩნეველი ქვებიდან – ხელოვნების.