,,ევროკავშირი არის ღირებულებები, რაც უნდა გავითავისოთ“ – ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან
EU-ის 12 პირობა საქართველოსთვის: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, მედია. ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პუნქტის შესასრულებლად მომავალი წლის ბოლოს შეაფასებს.
რა გამოწვევები და პერსპექტივები გააჩნია ქვეყანას განვითარების ამ საფეხურზე, რა შანსები გააჩნია ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რა სრულდება და რა არა 12 პუნქტიან გეგმაში, რომელიც საქართველოსთვის გამოწვევად რჩება და რა მნიშვნელობა აქვს მის შესრულებას ქვეყნისთვის, გთავაზობთ ინტერვიუს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერთან ვანო ჩხიკვაძესთან.
–ბოლო ამბით რომ დავიწყოთ, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაიწყო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. ეს პუნქტი ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელი პირობიდან, რომელიც საქართველომ 23 ივნისს, ევროკომისიისგან მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ. ფაქტობრივად, ამ განხილვამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. შევაფასოთ მიმდინარე პროცესები, როგორ უნდა ხდებოდეს ამ ტიპის კანონპროექტის განხილვა და რა შედეგი უნდა იყოს უკვე რეალურად?
–ევროკავშირმა დაინახა რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა დგას როგორც უკრაინაში და მოლდოვაში, ასევე საქართველოში. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რის გამოც მან სამივე ქვეყნის მოთხოვნებში ამ კანონის იმპლემენტაცია შეიტანა. უკრაინაში მიღებული იყო ეს კანონი, მოლდოვასა და საქართველოში, კი ამ კანონის მიღებაა საჭირო. ასე რომ, ეს არის ერთ–ერთი საკვანძო საკითხი იმ 12 კრიტერიუმიდან რაც საქართველოს ევროკავშირის მხრიდან აქვს წარმოდგენილი იმისთვის, რომ მიიღოის კანდიდატის სტატუსი.
–რატომაა მნიშვენლოვანი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა იყოს შენარჩუნებული?
–ორი რამ დევს სასწორის პინაზე. ერთ მხარეს საქართველოს ევროპული მომავალი, რომელზედაც უამრავი ადამიანი ოცნებობდა, მათ შორის, ჩვენი წინა თაობები. და_, ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც არის ღია, დიდწილად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამის არ გამოყენება ძალიან დიდი დანაშაულია. რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს გარკვეულწილად ზედაპირული რეფორმები. კანდიდატის სტატუსი არ უნდა იყოს თვითმიზანი. თვითმიზანი არის ის, რომ ქვეყანა გახდეს უკეთესი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსის პროცესი და მთელი ეს ევროინტეგრაციის პროცესი, როგორც წესი, არის შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიაროს ტრანსფორმაციის გზა_. იყოს უკეთესი სასამართლო, არ იყოს ელიტური კორუფცია, მოქალაქეების ხმა ისმოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
–თითქმის ყველა კვლევაში ქართველი ხალხის ნება, ფაქტობრივად, არის ის, რომ სურთ ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, მიუხედავად დეზინფორმაციის დიდი დოზის, რომელიც წლებია პრობლემაა. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის როგორც სახელმწიფოს, ისევე სამოქალაქო სექტორის მიერ?
–თუ ჩვენ გადავხედავთ დამოუკიდებლობის პერიოდს, დავინახავთ რომ ვცდილობდით განვითარების რომელიმე კონკრეტული განვითარების მოდელზე შევთანხმებულიყავით. იყო პერიოდი როდესაც ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო კავკასიის შვეიცარია. არც თუ შორეულ წარსულში ამბობდნენ, რომ ქვეყნის სინგაპურიზაცია უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. იყო საუბრები განვითარების რომელი მოდელი უნდა გვქონოდა ჩვენს ქვეყანაში. ეს საუბრები, ფაქტობრივად, დასრულდა, რაც ასოცირების ხელშეკრულება შევიდა ძალაში 2014 წელს. ვთქვით, რომ ევროკავშირის ტიპის სახელმწიფო არის ჩვენი განვითარების გზა და ვთქვით, რომ ყველა მივდივართ ევროკაშირისკენ, რადგან გვინდა ისეთი ქვეყანა, როგორიც არის ევროპული სახელმწიფო.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ სად ვართ და რა მოცემულობაში. შეიძლება გაიაროს პერიოდმა და გავიხსენოთ, რომ იყვნენ ქვეყნები, ვინც შეძლო წინ წაწევა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგალითად უკრაინა და მოლდოვა და ჩვენ დავრჩეთ იქ სადაც ვართ. იმისთვის რომ წინ წავიდეთ, საჭიროა მოხდეს ქვეყნის ტრანსფორმაცია. მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის დღეს. ვფიქრობ, არ იქნება ის რაც ჩვენ გვსურს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს.
–როგორია თქვენი მოლოდინები ამ უზარმაზარი სამუშაოს შესრულებაზე მოკლე დროში? რა უშლის ამ პუნქტების შესრულებას თქვენი და ევროპელი პარტნიორების აზრით?
ხელს უშლის ის, რომ ამ ყველა პუნქტის შესრულებისთვის უნდა მოხდეს, გარკვეულწილად, ძალაუფლების გადანაწილება, რითიც მმართველი ძალა დაინტერესებული არ არის. გარდა იმისია, რომ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, უნდა არსებობდეს შემოწმების და დაბალანსების პოლიტიკა ქვეყანაში. ასევე, უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომელიც არ დაემორჩილება ერთი ადამიანის სურვილს.
გარკვეულწილად გადაიწია ვადამ და მომავალი წლის დეკემბერში უნდა ველოდეთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ერთი წელი დიდი დროა და ძნელია ივარაუდო რა მოხდება ამ დროში.
–როგორ უნდა ისმოდეს მოქალაქეების ხმა?
–ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ხმა ისმოდეს. მოქალაქეები ვერ ერთვებიან მიმდინარე პროცესებში, ამიტომ ისინი იძულებულები არიან მიმართონ ერთგვარ პროტესტს, რაც უკვე ვიხილეთ აქციის სახით.
–თუ ვერ განვახორციელეთ 12 პუნქტიანი გეგმა, ხომ არ დადგება ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის მომავალი?
–არა, რადგან პოტენციური კანდიდატის სტატუსთან ერთად ევროკავშირმა მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის დაპირება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ვერავინ გვეტყვის რა პერიოდში, თუმცა, დაპირებები აუცილებლად სრულდება.
შესაძლებლობის ფანჯარა ეს არის ის მომენტი, როდესაც სახელმწიფოს აქვს შანსი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და წინ წავიდეს. ეს შესაძლებლობის ფანჯარაა გამოსაყენებელი, რომელიც ვიტყოდი რომ ათწლეულებში ერთხელ იხსნება.
ახლა თუ მკითხავთ რა არის მნიშვნელოვანი, არის ორი რამ. უნდა გავიაზროთ, რომ 12 პუნქტის შესრულება არაფერზე არ უნდა გადაიცვალოს და მეორე – რაც შეიძლება მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინასთან და მოლდოვასთან. უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება, ევროკავშირი არის ღირებულებები _ეს, უნდა გავითავისოთ.