ახალი ამბები

ხელოვანმა ბელა ლობჟანიძემ, სოფელ მირზაანში არტ-გალერეა გახსნა

მხატვარმა და ხელოვანმა ბელა ლობჟანიძემ, რომელიც მოსწავლეებთან ერთად სოფლის უსახურ კედლებს და სახლის კარებებს ფიროსმანის ნახატების ასლებით აცოცხლებდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში საკუთარი არტ-გალერეა შექმნა.

ხელოვანი აცხადებს, რომ გალერეის გახსნის სურვილი წლებია ჰქონდა, სურვილის ახდენა კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დახმარებით შეძლო. ბელა აღნიშნავს, რომ გალერეაში გამოფენილი იქნება მისი ნამუშევრები, ასევე ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

,,ჩემი არტ-გალერიის გაკეთება და გახსნა მოხდა ევროკავშირის დაფინანსებით, ფიროსმანის სოფელ მირზაანში. გალერეაში წარმოდგენილი იქნება როგორც ჩემი საავტორო ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა თანამედროვე მხატვრის ტილოები, ხელოვნების განსხვავებულ მიმართულებებში. დროდადრო მოეწყობა პოეზიისა და ხელოვნების მრავალფეროვანი საღამოები, რაც სასიამოვნო გარემოს შექმნის ყველასათვის. ვიმედოვნებ ჩემი გალერეა მოახდენს დადებით გავლენას მნახველზე და ემოციებით დაიტვირთებიან. მსურს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაკავშირო ხელოვნებას და რაც შეიძლება მეტ ბავშვს შევუწყო ხელი საკუთარი ნიჭის გამოვლენაში”,- განუცხადა Knews.ge-ს ბელა ლობჟანიძემ.

თვითნასწავლი მხატვრის პროფესიისადმი სიყვარული მხოლოდ ხატვით არ შემოიფარგლება. მას სოფელში სამხატვრო სტუდია აქვს, სადაც ახალგაზრდებს გადასცემს საკუთრ გამოცდილებას და ხატვას ასწავლის. ის ასევე აცხადებს, რომ სოფელში არსებული უსახური კედლების გაცოცხლება და ფიროსმანის ნახატების ასლებით გალამაზება სწორედ მათთან ერთად დაგეგმა და განახორციელა.

,,იდეა მოვიდა სპონტანურად. ერთხელ სოფელში ყოფნისას ძალიან მოვიწყინე, შევხედე ჩემს მესერს და თითქოს ფერები დამაკლდა. მივხვდი მისი გალამაზება კარგი გასართობი და ამავე დროს სასარგებლო საქმეც იქნებოდა. ასე დავიწყე მესერის ერთ ნაწილზე ფიროსმანის ,,მებადურის” ხატვა.

როდესაც ხატვის პროცესი უბანში მცხოვრებმა ბავშვებმა დაინახეს, მოგროვდნენ და დიდი მოწონება და სურვილი გამოთქვეს თვითონაც მიეღოთ მონაწილეობა ხატვის პროცესში. ბევრი არ გვიფიქრია, გადავწყვიტეთ მესერი მთლიანად ფიროსმანის ნახატებით მოგვეხატა. ამ საქმეში უდიდესი წვლილი სწორედ ბავშვებმა შეიტანეს.

ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია არა მარტო სოფლის და რაიონის მოსახლეობის მხრიდან, არამედ მის სანახავად მოდიოდნენ ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სტუმრები და ტურისტები. აქედან დაიბადა იდეა, რომ სოფელში არსებული ყველა მესერი გაგვეფორმებინა მსგავსი ნახატებით.

რაც შეეხება სტუდიას, როცა აქტიურად ხატვა დავიწყე, სოფელში ბევრმა ბავშვმა გამოთქვა სურვილი ხატვის შესწავლის. რეგულარულად გვაქვს გაკვეთილები ფერწერაში, გრაფიკულ ხატვაში, განვიხილავთ სხვადასხვა ნახატების შინაარსს და ასე შემდეგ”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ბელა ლობჟანიძემ.

დღეს, სოფელ მირზაანში, ბელა ლობჟანიძეს საცხოვრებელ სახლს ყველა იცნობს. თვითნასწავლი მხატვარი აცხადებს, რომ მასზე დიდი გავლენა სოფელში არსებულმა ფიროსმანის სახლ-მუზეუმმა და იქ დაცულმა ნახატებმა იქონია.

,,ჩემი ოჯახის წევრები როდესაც მიხვდნენ რომ ხატვა მიყვარდა, ბავშვობიდან მჩუქნიდნენ შესაბამის ნივთებს. სამოყვარულო ნახატებს ცხოვრების ყველა ეტაპზე ვქმნიდი. მირზაანი ფიროსმანის მშობლიური სოფელია, აქვე მდებარეობს მისი სახლმუზეუმიც.

ბავშვობაში მუზეუმს ძალიან ხშირად ვსტუმრობდი, ფიროსმანის ნახატებისთვის შემეძლო საათობით მეცქირა და ეს პროცესი არასდროს მღლიდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ხატვისადმი დიდი დაინტერესება ფიროსმანის ნახატების გავლენაც იყო. 20 წლის ასაკში ხატვით სერიოზულად დავიტერესდი. გარდა განტვირთვისა და პროფესიული მოვალეობისა, ხატვას ჩემს ცხოვრებაში უფრო ღრმა დატვირთვა აქვს. მისი წყალობით შემიძლია გადმოვცე ჩემი ფიქრები და ოცნებები’’,– განუცხადა Knews.ge-ს ბელა ლობჟანიძემ.

 

იხილეთ ამავე თემაზე:

ვინ არის თვითნასწავლი ხელოვანი ფიროსმანის სოფლიდან

მირზაანში მცხოვრები მხატვარი მოსწავლეებთან ერთად სოფელში კედლების მოხატვას გეგმავს