ახალი ამბები

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

2022 წლის 17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, მიიღოს ევროპული პერსპექტივა გარკვეული პირობების სანაცვლოდ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი უპირობოდ მიანიჭეს.

კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია, რომელსაც გაწევრიანების მსურველი ქვეყანა გვერდს ვერ აუვლის. სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ იწყება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, როდესაც წევრობის მსურველი სახელმწიფო და ევროკავშირი ცდილობენ შეთანხმდნენ გაწევრიანების ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულება 35 თავისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა სფეროს ეხება და ყველა თავის ოფიციალურად დახურვის შემდეგ ევროპული საბჭო ხელმოწერის თარიღს ადგენს. გარდა იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია, ეს სტატუსი ასევე მოიაზრებს ევროკავშირისგან ამ ქვეყნებისათვის გამოყოფილ პრაქტიკულ, კერძოდ, ფინანსურ მხარდაჭერასაც.
ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ბლოკის გაფართოების პოლიტიკა არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და განვითარებაში.

გაფართოების პოლიტიკა წევრობის კანდიდატს სთხოვს სხვადასხვა სფეროში კომპლექსური რეფორმების გატარებას: მათ შორის კანონის აღსრულების, ეკონომიკის მიმართულებით რეფორმებს ისევე, როგორც კორუფციისა და დანაშაულის აღმოფხვრას. ასევე მნიშვნელოვანია, შეთანხმებული ურთიერთობები და რეგიონულ თანამშრომლობა დანარჩენ წევრ ქვეყნებთან.

ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანასთან იწყებს წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს. ევროკომისია ადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს მონახაზს, რომელსაც ასევე ათანხმებს ევროკავშირის ყველა წვერ სახელმწიფოსთან.
მოლაპარაკებების ფარგლებში კანდიდატი ქვეყანა ემზადება ევროკავშირის კანონებისა და სტანდარტების მორგებისთვის. წევრობის მოლაპარაკებების მიზანი კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირის კანონმდებლობასა და კანდიდატ ქვეყანას შორის შესაბამისობის მიღწევაა. კანონმდებლობა შედგება მოლაპარაკების 35 თავისგან, რომლებიც 6 ჯგუფადაა დაყოფილი და მრავალ ასპექტს მოიცავს.

მოლაპარაკებები იმართება, ერთი მხრივ ევროკავშირის მინისტრებსა და ელჩებს, მეორე მხრივ კი კანდიდატ ქვეყანას შორის ერთაშორისი კონფერენციების ფორმატით. მოლაპარაკებების პროცესი ასევე მოიცავს ამ პირობების დანერგვისა და განხორციელების პროცესის მუდმივ შემოწმებას.
წევრობის მოლაპარაკებები 35 კომპონენტს მოიცავს, რაც 6 ჯგუფადაა დაყოფილი. ეს ჯგუფებია:

1) ფუნდამენტური საკითხები: რისი შემოწმება და იმპლემენტაციაც პირველი იწყება და მოლაპარაკებების დასრულებამდე მიმდინარებს. ეს ჯგუფი მოიცავს, როგორც სამართლებრივ და ფუნდამენტური უფლებებს, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო ადმინისტრირების რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმს.
2) შიდა ბაზარი: პროდუქტების თავისუფალი გადაადგილება, დასაქმებულთათვის თავისუფალი გადაადგილება, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენციის უზრუნველყოფა, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებები და ა.შ
3) კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა: მოიცავს ეკონომიკისა და მონეტარულ პოლიტიკას, გადასახადების საკითხს, ინფორმაციისა და მედიასაშუალებებს, სოციალურ პოლიტიკასა და დასაქმებას, განათლებას, სამუშაო პოლიტიკას.
4) მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები: ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ბუნებისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ პოლიტიკას ითვალისწინებს, ისევე როგორც ტრანსევროპულ კავშირებს.
5) რესურსები, აგრიკულტურა და ურთიერთკავშირები – სოფლის მეურნეობის განვითარება, საკვების უსაფრთხოება.
6) საგარეო ურთიერთობები: საგარეო კავშირები, საგარეო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა.
ამ 35 თავიდან თითოეულის წარმატებით შესაბამისობა კვლავ ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობით დასტურდება. მოლაპარაკებების ეტაპი დამოკიდებულია რეფორმების განხორციელების სიჩქარესა და ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაზე.
ამრიგად, მოლაპარაკებების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და პროცესის დაწყება არც ერთ ეტაპზე არ გულისხმობს მისი წარმატებით დასრულების გარანტიას.
„2021-2027 წლებში კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილია 14 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც ამ ქვეყნებზე ნაწილდება.

ევროკავშირში გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი (IPA) არის სწორედ ის მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირი დამატებით უჭერს მხარს გაწევრიანების მსურველ, კანდიდატისა და პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს. დახმარების პირველი პაკეტი მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ინსტიტუციური მშენებლობა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული განვითარება, ადამიანური რესურსებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. 2007-2013 წლებში მხარდაჭერის ინსტრუმენტისთვის გამოყოფილი თანხა 11.5 მილიარდ ევროს შეადგენდა, რომელიც გადანაწილდა ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ისლანდია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ასევე კოსოვოც, რომლის დამოუკიდებლობაც ევროკავშირის სახელმწიფოთა და მეზობლების ნაწილის მიერ აღიარებული არ არის.

IPA II, ანუ გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტის მეორე პაკეტი 2014-2020 წლებში არსებობდა და მოიცავდა იმავე ქვეყნებს, გარდა ისლანდიისა და ხორვატიისა. ამის მიზეზი ისაა, რომ ისლანდიამ უარი განაცხადა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, ხოლო ხორვატია ალიანსში გაწევრიანდა.
ამ შემთხვევაში მხარდაჭერის საერთო ბიუჯეტი 12.8 მილიარდი ევრო იყო. 2021 წელს დაიწყო IPA III, რომლის ძირითადი მიმართულება ბალკანეთის რეგიონში რეფორმების გაძლიერების ხელშეწყობაა, თუმცა ასევე მოიცავს თურქეთსაც. მხარდაჭერის მესამე ტალღის ბიუჯეტი 14.16 მილიარდია.
IPA-ს ნაწილია IPARD, რომელიც სოფლის განვითარებისა და ხელშეწყობის ინსტრუმენტია და ბენეფიციარ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებს აფინანსებს.

კონკრეტული მაგალითები – ალბანეთი და სერბეთი

ალბანეთმა, რომელიც მოსახლეობითა და ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა და რომელსაც ჯერ პოტენციური კანდიდატის, შემდეგ კი განხორციელებული რეფორმების კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, 2007-2020 წლებში IPA-ს ფარგლებში ევროკავშირისგან 1 მილიარდ 230 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
იმავე წლებში სერბეთმა, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოზე დიდი ქვეყანაა, თუმცა ზომით მაინც მცირე ქვეყნების კატეგორიაში გადის, 2 მილიარდ 924 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირიდან.
ალბანეთსა და სერბეთზე ასევე გადანაწილდა მხარდაჭერის ის ნაწილიც, რომელიც არა მხოლოდ უშუალოდ ამ ქვეყნებს, არამედ რამდენიმე ქვეყანას ერთდროულად გამოუყვეს.

თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს, ქვეყანას შეეძლება დახმარების სახით იმაზე „ორჯერ ან სამჯერ მეტი თანხა მიიღოს, ვიდრე დღეს“.

„სერბეთმა შვიდი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან მიიღო მილიარდ 500 მილიონ ევროზე მეტი, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველო იღებს ევროპული სამეზობლო მხარდაჭერის ფარგლებში.

თუ საქართველო „კარგად მოიქცევა“ და რეფორმებს შეასრულებს, მიიღებს ორჯერ, სამჯერ მეტს, ვიდრე დღეს იღებს, და ეს იქნება, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობის მომცემი. თუ მოწინავე ქვეყანა იქნება და კარგად განახორციელებს რეფორმებს, უფრო მეტ თანხას მიიღებს, მაგრამ პირიქით, ვთქვათ, თუ იქნება სტაგნაცია, უფრო ნაკლებსაც მიიღებს“

ვრცლად ამ საკითხზე:

 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი