წყალდიდობის შემდეგ გზები ისევ გასაწმენდია
თელავის წყალდიდობიდან 2 კვირა გავიდა, თუმცა დაზიანებული გზებისა და სავარგულებთან მისასვლელი ტერიტორიის სრული გაწმენდა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. გარდა იმისა, რომ ქალაქის გარშემო სოფლებში ფერმერები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, ადგილობრივი მცირე ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია.
ტურისტულ ობიექტთან „მესტვირენი“ მისასვლელი გზა ისევ გასაწმენდია. „მერიას და გუბერნატორს ვერ ვთაგავთ, აღარ ვიცით სხვანაირად როგორ მივაწვდინოთ ხმა – რომ მინიმუმ აგვიხსნას მაინც ვინმემ, რატომ არ ხდება პროცესის დაწყება,“ – ამის შესახებ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ.
„ადგილობრივი გზის გაკეთება ისევ არავის დაუწყია. აბსოლუტურად ვერავინ გვიხსნის რატომ არ იწყებენ შემოტანას შესაბამისი მასალის და შემოყვანას ტექნიკის. რამდენჯერმე იყვნენ გუბერნატორის აპარატიდან, თელავის მერიიდან – შეაფასეს მდგომარეობა, გადაწყვიტეს გაკეთება, მაგრამ საქმის კეთება არავის დაუწყია ჯერ! ტექნიკა არ გამოჩენილა, – აცხადებენ კომპანიაში.
„ძალიან ვწვალობთ, ათეულობით ტურისტი მოდის ყოველდღე და პატარა ტაქსებს ვერ დაჰყავთ, გვიწევს დიდი მანქანების, ტაქსების მოძიება, რომლებიც ფაქტიურად არაა თელავში“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივი ბიზნესი საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დროული ქმედებისკენ მოუწოდებს.

