ლაგოდეხში 20 ოჯახი ელექტროენერგიის გადასახადს აღარ გადაიხდის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ოჯახი, ელექტროენერგიის გადასახადს აღარ გადაიხდის.
სოცილაურად დაუცველი, შშმ პირები და მრავალშვილიანი ოჯახები გასათბობად და ყოველდღიური მოხმარებისთვის ელექტროენერგიას მათი სახლის სახურავებზე დამონტაჟებული ფოტოელექტროსადგურებიდან მიიღებენ და ამასთანავე წვლის შეიტანენ გარემოს დაცვის საკითხებში. ოჯახები სოციალური სტატუსის მიხედვით მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შეირჩნენ და მათ ასევე ელექტროსადგურების მონტაჟში თავად მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ფოტოელექტროსადგური მზის დახმარებით გამოიმუშავებს ენერგიას.
,,ძალიან კარგია, რომ ამ პროექტში მოვხვდით. რასაც ელექტროენერგიის გადასახადში ვხარჯავდით, იმ თანხას დავზოგავთ. ყოველთვიურად 70-დან 100 ლარამდე მოგვდიოდა გადასახადი და ამ გამონთავისუფლებულ თანხას სხვა რამეში გამოვიყენებთ. მადლობელი ვარ გაეროსი, ევროკავშირის და საგასი, რომ გვაჩუქეს ეს სადგური და ასევე გვასწავლეს მონტაჟი, როგორც ხელობა. მზის ენერგია არ არის ამოწურვადი და ყველას ვურჩევთ, რომ დაამონტაჟოს და დაზოგოს გადასახადები”,- აცხადებენ პროექტში ჩართული ოჯახების წარმომადგენლები.
პროექტის კოორდინატორის, გიორგი ბოკერიას განცხადებით, პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების პოპულარიზაცია და პრაქტკიული დანერგვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
,,შეირჩნენ ოჯახები, რომლებსაც ჩვენ დავუმონტაჟეთ მზის ფოტოელექტროსადგურები, რომლის სიმძლავრეა 3,2 კილოვატი და ეს ოჯახები უკვე მოიხმარენ სადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას. სისტემა უკვე გამართულად მუშაობს”,– აცხადებს გიორგი ბოკერია.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე განმარტავენ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 15 თემია და ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად თითო თემიდან თითო ოჯახი შეირჩა. გარდა ამისა, პროექტში ჩართულები არიან მრავალშვილიანი ოჯახები და ის ოჯახები სადაც შშმ პირები ცხოვრობენ.
,,შეირჩნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე ორი ოჯახი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ცხოვრობენ და ასევე შეირჩა 3 მრავალშვილიანი ოჯახი. მათი შერჩევისას დავეყრდენით სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ მუნიციპალიტეტის მერიიდან ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. მათი რეკომენდაციით მოხდა ამ ოჯახების შერჩევა. გარდა ამისა, 4 ოჯახის წარმომადგენელმა გაიარა გადამზადება და ისწავლა ხელობა, თუ როგორ უნდა დამონტაჟდეს მსგავსი ელექტროსადგურები. ამისთვის შეირჩა 4 ახალგაზრდა და დამონტაჟების პროცესშიც იყვნენ ისინი ჩართული”,-აცხადებს საგას წარმომადგენელი ალექსანდრე ჭანკოტაძე.
პროექტი საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ განახორციელა, რომლიც დაფინანსებულია UNDP-ისა და ევროკავშირის მიერ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ ასევე საინფორმაციო კამპანიაც ჩაატარეს და მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ენერგოდამზოგავი და ენერგოეფექტური სისტემების შესახებ.