დავით ნარმანია – მარეგულირებელი კომისია დეკემბერში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები უცვლელი რჩება.
როგორც ნარმანიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„ზამთრის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვები მომხმარებლებისგან, თუ რატომ მოსდით მათ გაზრდილი გადასახადები. ეს როგორც წესი, მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული.
მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. თუ მომხმარებლებს მაინც კითხვები ექნებათ ან ფიქრობენ, რომ ზედმეტი დარიცხვა მოუვიდათ, ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლებათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას.
რაც შეეხება ტარიფებს, ისინი რჩება უცვლელი. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი, ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.