მოქალაქეებს იარაღის ხელახლა რეგისტრირება მოუწევთ – დარღვევის შემთხვევაში ფულადი სანქცია იმოქმედებს
პარლამენტი იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნაზე მუშაობს. აღნიშნულს გულისხმობს „იარაღის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით იარსებებს სახელმწიფოს მიერ იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რაც იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად ლულის სიგრძის და იარაღის საერთო სიგრძის განსაზღვრას გულისხმობს.
„გადაიჭრება სროლის სახეობათა სპორტის წინაშე არსებული სამართლებრივი პრობლემები, რის შედეგადაც ფედერაციას შეეძლება სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღისა და ამ იარაღების ძირითადი ელემენტების და საბრძოლო მასალის, ჭურვის შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა. გარდა ამისა, დადგინდება ზოგადად შესაბამისი იურიდიული პირების მიერ შეძენილი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება და პროცედურა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, ყველა მოკლელულიანი (ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 300 მმ ან/და იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 600 მმ) იარაღის შეძენის ნებართვა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი (ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომელიც არ განეკუთვნება მოკლელულიან იარაღს) იარაღისა კი – შენახვისა და ტარების უფლებით გაიცემა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას 6 თვის ვადაში, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე. ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული იარაღები უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით.
ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პირის პასუხისმგებლობას, კერძოდ, ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა – იარაღის კონფისკაციას.