რა არის ჰიბრიდული ომი და როგორ ვებრძოლოთ
„ჰიბრიდული ომი“, რომელსაც ოდესღაც „მომავლის ომს“ ან „ახალი თაობის ომს“ უწოდებდნენ, საქართველოს დღევანდელი რეალობა და უმთავრესი გამოწვევაა.
ჰიბრიდული ომი სამხედრო- პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივ, კოორდინირებულ, ღია და ფარულ გამოყენებას გულისხმობს. რუსეთის ხელისუფლება ჰიბრიდულ ომს რიგი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებს. შეიტანოს განხეთქილება და დაასუსტოს ნატო, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს, შექმნას ომის წინაპირობა, მოახდინოს ტერიტორიების ანექსია.
ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი საინფორმაციო სივრცეში განხორციელებული აქტივობაა. დასავლეთის ქვეყნებში რუსეთი წარმატებით იყენებს სტრატეგიულ კომუნიკაციებს: ტელეკომპანიებს, სატელევიზიო გადაცემებს, ინტერნეტ ტროლებსა და ბოტებს. ჩამოთვლილ სივრცეებში არ არის დაცული არავითარი მედია სტანდარტი, მთავარი ამოცანა პოლიტიკური დისკუსიის კრემლის ინტერესების სასარგებლოდ წარმართვაა.
მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო, მსოფლიოს თავი დაამახსოვრა შემდეგი ფრაზით:
,,საბჭოთა კავშირის დანგრევა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“.
ეს ფრაზა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის 21 ივნისს, ამჯერად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კუთვნილებაში გადასული ,,რუსული ისტორიული ტერიტორიების“ კონტექსტში, რაც კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის გათვალისწინებით, რუსეთის ახლო სამეზობლოში აღიქვეს, როგორც ტერიტორიული პრეტენზიებისკენ მიმართული რუსეთის ლიდერის შეფარული მუქარა.
უკრაინაში დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ისტორიულ ნარატივებზეა დაშენებული, ყველაზე მეტად გააქტიურდა 2013-2014 წლებში, „ევროიმაიდნის“ კონტექსტში. კრემლთან აფილირებული მედია ევრომაიდნის დემონსტრანტებს მოიხსენიებდა როგორც „ბანდეროვცებს“, რომელიც არის საბჭოთა რუსული ტერმინი იმ უკრაინელი ნაციონალისტების მოსახსენიებლად, რომლებიც ნაცისტების გვერდით იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში. ეს ნარატივები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც გააჟღერა ოფიციალურ დონეზე: „ყირიმში ყველაფერი ჩვენს საერთო ისტორიაზე მეტყველებს. ეს არის უძველესი, ტავრიის ქერსონესის ტერიტორია, სადაც დიდი მთავარი ვლადიმირი მოინათლა. ხალხის გულსა და გონებაში ყირიმი ყოველთვის იყო და ახლაც არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი“.
იმავე გამოსვლაში პუტინმა ევრომაიდანი უკრაინელი ნეო-ნაცისტების მიერ ორგანიზებულ რევოლუციადაც მოიხსენია: „ნაციონალისტებმა, ნეო-ნაცისტებმა, რუსოფობებმა და ანტისემიტებმა განახორციელეს ეს სახელმწიფო გადატრიალება“. უკრაინის უახლესი ისტორიის შესახებ მანიპულაციური ნარატივები ვრცელდება როგორც ტრადიციული, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით. Internews-ისა და Ukraine World-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მკვლევრებმა გააანალიზეს 850,000 პოსტი რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში და 16,000 პოსტი Facebook-ზე 2016 წლის იანვრიდან 2019 აპრილამდე პერიოდში. მათი კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი ნარატივის გამოკვეთა, რომლითაც აქტიურად მანიპულირებენ კრემლთან ასოცირებული აქტორები:
უკრაინელების წარმოჩენა ნეონაცისტებად და დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების იმგვარად ინტერპრეტაცია, თითქოს ეს არის მეორე მსოფლიო ომის გაგრძელება – სეპარატისტები იბრძვიან უკრაინელი „ფაშისტების“ წინააღმდეგ.
სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთის ისტორიულ ნაწილად წარმოჩენა. აგრეთვე, მტკიცება, რომ ყირიმის ნახევარკუნძული უძველესი რუსული მიწა და რუსული მართლმადიდებლობის აკვანია (ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ რუსული ისტორიული ნარატივი ყირიმის შესახებ სრულად უგულებელყოფს ყირიმელი თათრებისა და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მემკვიდრეობას).
ნარატივები, რომლებიც ორიენტირებულია საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოდ წარმოჩენაზე და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაზე უკრაინელ მოსახლეობაში. ამ ნარატივებს, როგორც წესი, თან ახლავს მტკიცება, რომ უკრაინული სახელმწიფოს შექმნა ბოლშევიკების დამსახურებაა.
პრო რუსული ორგანიზაციები და მათი გავლენები საქართველოში:
არასამთავრობო ორგანიზაციამ_ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ჩაატარა კვლევა, რუსულ გავლენებზე საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებში და ასეთი დასკვნა დადო: საქართველოში მოქმედებს ორი ორგანიზაცია: ევრაზიის ინსტიტუტრი და ევრაზიული კავშირი. ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს.
როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებში, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც საბოლოო ჯამში ან „ევრაზიულ ინსტიტუტს“ ან „ევრაზიულ არჩევანს“ უკავშირდებიან. აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა, რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა“ წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში „ევრაზიული არჩევანია”.
„საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” საქართველოში ევრაზიული მოძრაობის „მთავარ ლოკომოტივად“ აგრეთვე ასახელებს ორგანიზაციებს „ერეკლე მეორის საზოგადოება“ და „ევრაზიული ინსტიტუტი”, ასევე, 2001-2004 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას, „ერეკლე მეორის საზოგადოებისა“ და „ევრაზიული არჩევანის“ დამფუძნებლებს: არჩილ ჭყოიძესა და მის მეუღლეს, მაია ხინჩაგაშვილს. „ევრაზიული ინსტიტუტი“ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს ახორციელებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია „Русский Мир-ის“ მხარდაჭერით.
საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ზაზა აბაშიძე, ისევე როგორც ნანა დევდარიანი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, 2015 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელად დაინიშნა.