ახალი ამბები

თამბაქოს იმპორტიორი კომპანია – უახლოეს თვეებში თამბაქო გაძვირდება

თამბაქოს იმპორტიორ კომპანია JTI-ში აცხადებენ, რომ საქართველოში უახლოეს თვეებში თამბაქო გაძვირდება.

როგორც კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, ივა ხასიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწიათ, ახალი ბაზრებიდან თამბაქოს იმპორტი კი უფრო ძვირია. ხასიას თქმით, ამ დროისთვის საქართველოში თამბაქო თურქეთიდან, პოლონეთიდან და ბულგარეთიდან შემოაქვთ, გაზრდილი ხარჯი კი ჯერჯერობით პროდუქციის საბოლოო ფასში არ ასახულა.

„უკრაინიდან თამბაქოს შემოტანის ერთ-ერთი კარგი მხარე ის იყო, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე პროდუქცია იმპორტის 12%-იანი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. ალტერნატიული ბაზრებიდან იმპორტისას კი ჩვენ უკვე გვიწევს ამ 12%-იანი ფასნამატის გათვალისწინება. ეს ჯერ არაა ასახული პროდუქციის საბოლოო ღირებულებაში, თუმცა უახლოეს თვეებში მოგვიწევს მისი პროდუქციის ფასში ასახვა, რადგან ეს კომპანიისთვის უკვე ზარალია. თამბაქოს ასევე აძვირებს აქციზის გადასახადიც, რომლის ე.წ. ადვალური კომპონენტი ისეა შედგენილი, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი მომავალ წელს დამატებით აქციზი არ გაიზრდება, ჩვენ მაინც მეტის გადახდა მოგვიწევს. თუმცა ამას ფასზე შედარებით ნაკლები გავლენა ექნება, მთავარი მიზეზი მაინც ბაზრების ცვლილებაა. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, როდიდან და რამდენით გაძვირდება თამბაქო, თუმცა ფასის ზრდა აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ივა ხასიამ.

ამასთან, როგორც JTI-ში აცხადებენ, ალტერნატიულ ქვეყნებზე გადაწყობის პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა და კომპანიები კვლავ შედარებით იაფი ბაზრების მოძიების პროცესში არიან.

ამასთან, თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები პროდუქციის სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის დროულად გადავადებას ითხოვენ. კომპანიებში ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა და მომავალი წლიდან ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ.

შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრია ითხოვს, რომ პარლამენტში ინიცირებული შესაბამისი პროექტი, რომელიც აღნიშნული რეგულაციის ორი წლით გადავადებას ითვალისწინებს, სწრაფად დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპორტიორები მომავალი წლიდან ბაზარზე თამბაქოს დეფიციტს და კონტრაბანდული პროდუქციის წილის ზრდა ელიან.