ახალი ამბები

რეგიონებში კიბოს სკრინინგისა და პროფილაქტიკური კვლევების კულტურა დაბალია

საქართველოში კიბოს სკრინინგი რეგიონებში ძალიან პრობლემურია და ამ კუთხით აუცილებელია საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის “კიბოს სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა ლია მგალობლიშვილმა განაცხადა.

„რაიონში ძირითადად ექიმთან მაშინ მიდიან, როცა რამე აწუხებთ. სანამ არ შეაწუხებთ, თვლიან, რომ გამოკვლევა არაა საჭირო. ამიტომ უნდა მივიდეთ მოსახლეობამდე და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებები ხშირად უფრო გადამწყვეტია, ვიდრე მკურნალობა,“ – განაცხადა მგალობლიშვილმა.

მისი თქმით, სკრინინგი ყველა რეგიონში უნდა იყოს, მაგრამ არის რაიონი, სადაც სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე დაწესებულებები არ არსებობს. ეს რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. თუმცა, მგალობლიშვილის ინფორმაციით, არის მამომობილები, რომლებიც მამოგრაფებითაა აღჭურვილი და ქალებს შეუძლიათ მისი საშუალებით ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება.

მისივე თქმით, სიმსივნეების გამოვლენის სტატისტიკა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ყოველწლიურად საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს დაახლოებით 10 ათას ადამიანს უსვამენ. ქალებში კი ძუძუს კიბო ყველა ონკოლოგიური დაავადებების 30%-ს შეადგენს.

„პირველ ადგილზე არის სარძევე ჯირკვალი, მეორე ადგილზე, განსაკუთრებით ქალებში კი – ფარისებრი ჯირკვლის. შემდეგ მოდის მსხვილი ნაწლავის კიბო, მას მოსდევს საშვილოსნოს ტანის და ყელის დაავადებები. საქართველოში ხდება 3 ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგი. ესენია: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და ტანის, მსხვილი ნაწლავის სკრინინგი ორივე სქესისთვის. ასევე გვქონდა პროსტატის კიბოს სკრინინგი, 2017 წლიდან კი ის გადაკეთდა პროსტატის კიბოს მართვის პროგრამად, რაც გულისხმობს მამაკაცების გამოკვლევას სიმპტომის შემთხვევაში,“- აცხადებს ლია მგალობლიშვილი.

დაავადებების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და პროფილაქტიკური კვლევების კუთხით რეგიონებში არსებულ პრობლემებზე jandacva.ge-სთან საუბარში კარდიოლოგმა სულხან ლომინაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, გულსისხლძარღვთა შორსწასულ დაავადებების შემთხვევები ძირითადად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს შორის გვხვდება, რისი მიზეზიც პირველადი ჯანდაცვის არასაკმარისი განვითარება და მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობაა.