ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა- ფოტორეპორტაჟი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გურჯაანში, ახტალის პარკში გაგრძელდა.

ღვინის ფესტივალი ქალაქ გურჯაანში უკვე მეოთხედ იმართება. წელს კი ტრადიციად ქცეულმა ფესტივალმა, “ღვინის დღეების” ფარგლებში უმასპინძლა მოქალაქეებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელი იქნა წარმოდგენილი, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა. ფესტივალი მიეძღვნა ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში 10-ზე მეტი სივრცე მოეწყო, წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ზრუნავდნენ: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.