2025-დან შესაძლოა სახელმწიფო საპენსიო ფონდიდან თანხის კერძოში გადატანა შეძლოთ
ეკონომიკის სამინისტრო 2018 წელს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობს.
მოქმედი კანონით, სავალდებულო საპენსიო სქემის მონაწილეს შენატანების კერძო აქტივების მმართველ კომპანიაში გადატანის უფლება არ აქვს, თუმცა როგორც ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, მიმდინარეობს მუშაობა 2025 წლისთვის ამ ტიპის შეზღუდვა მოიხსნას.
როგორც ცნობილია, უკვე მზად არის „კერძო ნებაყოფლობითი დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა საგადასახადო სტიმულებს ითვალისწინებს იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში კერძო საპენსიო სქემების განვითარებას და ე.წ მესამე სვეტის პენსიების გავრცელებას.
„კერძო ნებაყოფლობითი პენსია, რომელიც ამოქმედდება ეს იქნება დამატებით დაგროვებითი პენსია, ანუ ყველა ის, ვინც დღეს დაგროვებით პენსიაში 2+2+2 [სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული] პროცენტით კონტრიბუციებს ღებულობდა, მათ ეს შეუნარჩუნდება, გასვლის უფლება აქ არ არის, რომ დაგროვილი საპენსიო აქტივები გადავიტანო სხვაზე, თუმცა მეორე სვეტის (სავალდებულო სახელმწიფო დაგროვებითი სქემა) პენსიაში ვამუშავებთ, რომ დაახლოებით 2025 წლისთვის შესაძლებელი იყოს, რომ კერძო აქტივებში გადავიტანო ჩემი მეორე სვეტის პენსია. სიტყვაზე მეორე სვეტის დაგროვებით პენსიას თუ მართავს დღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური, შესაძლებელი იქნება მივმართო ის დანაზოგები ან ნაწილი იმ დანაზოგების კერძო აქტივების მმართველს“,-განმარტავს გიორგი გურგენიძე.
„კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ე.წ მესამე სვეტის საპენსიო პროდუქტის შექმნა შეუძლია როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს, სადაზღვევო კომპანიებს და აქტივების მმართველ კომპანიებს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, მესამე სვეტის” პენსიის ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის” ანუ კერძო-დაგროვებით პენსიას.
დღეს მესამე სვეტის პენსიების გავრცელება ქვეყანაში ძალიან დაბალია. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურში ამ დროისთვის 4 არასახელმწიფო საპენსიო სქემაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც 3 სქემის დამფუძნებელს წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაცია[ირაო, ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი], ხოლო ერთი სქემა დაფუძნებულია არამზღვეველი იურიდიული პირის მიერ [საქაერონავიგაცია] საკუთარი დასაქმებულებისათვის.
მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ კერძო საპენსიო სქემებს 12 667 მონაწილე ჰყავთ. აქედან ყველაზე მეტი ხელშეკრულება ჯიპიაი ჰოლდინგს აქვს, თუმცა როგორც საპენსიო შენატანებით, ისე საინვესტიციო შემოსავლით პირველ ადგილზე საქაერონავიგაციაა. მიმდინარე წლის 6 თვის მდგომარეობით, კერძო საპენსიო რეზერვები 30,5 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ჯამურად ოთხივე საპენსიო სქემის საინვესტიციო შემოსავალი 1,3 მილიონ ლარს აღემატება.