საქსტატი- ქვეყანაში საშუალო ხელფასმა გასულ წელს 1 304.5 ლარი შეადგინა
2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 075.3 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7.7 პროცენტით).
„2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 537.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8 პროცენტი, კაცებში – 9.2 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 291.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 117.2 და 1 408.7 ლარი შეადგინა.
2021 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 10.2 პროცენტით გაიზარდა და 1 347.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 346.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.6 პროცენტით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 045.3 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.
2021 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 8.1 პროცენტით და 1 228.0 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.