ახალი დეტალები თელავში მომხდარ მკვლელობაზე- რას ამბობს გოგონას დედა
თელავში ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა.
26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილს 22 წლის მამაკაცმა, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დანაშაული შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ქალზე ძალადობისთვის დაკავებული პირი, რომელმაც რამდენიმე დღეში მკვლელობა ჩაიდინა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ახალგაზრდა ქალი ტრაგედიამდე დედას სწერდა, რომ მამაკაცი მასზე ძალადობდა და დახმარება სჭირდებოდა.
ambebi.ge დაუკავშირდა მოკლული ქალის დედას ლელა ფირანიშვილს, რომელიც აკრიტიკებს მოსამართლეს, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მოძალადე მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც ლელა ფირანიშვილი აცხადებს, ის თავადაც მოითხოვდა 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილის პატიმრობაში დატოვებას, რადგან დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ხედავდა.
მისი თქმით, ახალგაზრდა კაცი ქალზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, რაც მოსამართლისთვის ცნობილი იყო, თუმცა მან ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
“მოსამართლეს არ უნდა გამოეშვა ის გარეწარი, მით უმეტეს, მე რომ მივედი დაკითხვაზე, ეს ფაქტები, ყველაფერი მოვყევი, იმ რისკზეც მივდიოდი, რომ ბავშვი მიმეყვანა და მასაც მოეყოლა ყველაფერი, ოღონდ ის მკვლელი გარეთ არ ყოფილიყო.
ვიდრე ის პატიმრობაში იქნებოდა, ჩემი შვილი წავიდოდა და გადარჩებოდა. არ იწვებოდა ახლა ყელგამოჭრილი. ეშინოდა, სულ მწერდა და დახმარებას მთხოვდა. მაგას კონკრეტული მოტივი არ სჭირდებოდა, ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა ეძალადა. ჩემთანაც კი არ უშვებდა, იცოდა, რომ მე მაგასთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი.
ჯერ ვერც ვიაზრებ რა მოხდა. ასე როგორ გაიმეტა”, – ამბობს ლელა ფირანიშვილი.
დედა აქვეყნებს მიმოწერას შვილთან, რომელიც მას დახმარებას სთხოვდა. მისი თქმით, ქალზე ადრეც ძალადობდა.
„3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა, მომხედე, მკლავსო. გავიქეცი მაშინვე. სხვა დროს თავს იკავებდა-ხოლმე ჩემი თანდასწრებით, ახლა მეც დამარტყა. სახლიდან გავაძევეთ, კარი გადავკეტეთ და პოლიციაში ჩემმა შვილმა დარეკა. დაკავებულიც იყო, მაგრამ იმდენი ქნეს, ჩემს შვილს, რაც უნდოდათ ათქმევინეს და გირაოთი გამოუშვეს. ემუქრებოდა, მოსიარულე გვამი ხარო და მაინც აუსრულა, რასაც დაჰპირდა.”
რაც შეეხება სავარაუდო დამანაშავის ოჯახის პოზიციას. დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილის პაპა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გუშინ დანაშაულის ჩადენამდე ნახა და მას განზრახვის თაობაზე არაფერი უთქვამს.
რაც შეეხებას ძალადობის ფაქტს, გიორგი გამხვეტელაშვილის თქმით, მარიამ გამტკიცულაშვილმა მისი შვილიშვილის მანქანა უნებართვოდ წაიღო და დაუზიანა, რის გამოც მოხდა მათ შორის კონფლიქტი.
შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პოლიციის მიერ დაკავებული ცოლზე მოძალადე სასამართლო დარბაზიდან 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გათავისუფლებულმა მოძალადემ რამდენიმე დღეში მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.