საძოვრების იჯარით გადაცემის პროგრამაში ხარვეზებია
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამა ერთი წელია ამოქმედდა, თუმცა ბენეფიციარები ისევ არ ჰყავს.
„მომავლის ფერმერში“ აცხადებენ, რომ ფერმერები ბიუროკრატიულ პრობლემებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან აწყდებიან. კერძოდ, შესული განცხადებების მხოლოდ 30%-ია დაკმაყოფილებული, დანარჩენ მათგანზე უარია, გამომდინარე იქიდან, რომ საიჯაროდ განკუთვნილ მიწას სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი იყენებს და შესაძლოა, ამ მხრივ დავა წარმოიშვას.
„ბევრი პრობლემური საკითხია, რომელმაც აღნიშნული რეფორმის ხელშესახები შედეგი ვერ მოგვიტანა მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მთელი რიგი ადამიანური და ფინანსური რესურსია ჩადებული. ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ფერმერების აქტიურობა და დაინტერესება პროგრამის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა“,- აცხადებს “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე, რუსუდან გიგაშვილი.
პროგრამის ეფექტურობაზე საუბარი უჭირთ „ფერმერთა ასოციაციაში“ , სადაც აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია პროცესის დაჩქარება.
„საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავდაპირველად შედარებით დიდი მოლოდინი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების კუთხით, თუმცა რეგისტრირებული საკმაოდ მცირე, დაახლოებით 10% აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროგრამის მეტად დახვეწა და სხვადასხვა უწყებების მხრიდან მეტი კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან“,- განაცხადა “ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა.
ცნობისთვის, აუქციონი გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის სულ ოთხი ეტაპია გამოცხადებული. ჯამში 362 ერთეული საძოვრის მონაცემებია ხელმისაწვდომი, განცხადებები მიღება კი 129 მათგანზე მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს სახელმწიფო მიწების საძოვრად გამოყენება სამ წლიანი იჯარით შეეძლებათ.