საქსტატი- ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 124 ლარით გაიზარდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წელს მისი მოცულობა 57.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 744.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42 პროცენტი ქალია, ხოლო 58 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 38.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 688.1 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 4.8 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 11 357.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით – 15.6 პროცენტით მეტი).
2021 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 347.6 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით 124.7 ლარით მეტია. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 064.3 ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 112.3 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1 515.4 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1 616.9 ლარი,
მცირე ბიზნესი – 1 008.4 ლარი.