რუსეთის მოქალაქეები კახეთის რეგიონში სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებს ეძებენ
ბოლო რამდენიმე დღეა, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების კილომეტრიანი რიგები დგას. ისინი, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.
რეჟიმს გამოქცეული და საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ეძებენ და ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს, იწყებენ ბიზნესს, ხსნიან კაფეებს და ცდილობენ მეტი დრო დარჩნენ ქვეყანაში. ამის ფონზე, გაზრდილია, ასევე, საქართველოს რეგიონებში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი და მათი რაოდენობაც, რომლებიც უხელფასო სამსახურზეც არიან თანახმა, რომ ადგილზე დარჩნენ და თავიანთ ქვეყანაში აღარ მოუწიოთ წასვლა.
გარდა ამისა, გაზრდილია ასევე კახეთის რეგიონში ტურისტული მიმართულებით მოქმედი დაწესებულებების და მეურნეობების დაჯავშნის მსურველთა რიცხვი. დაწესებულებების ნაწილი საზღვარზე გადმოსულ მოქალაქეებს მასპინძლობს, ნაწილი კი უარს აცხადებს მათ მიღებასა და გამასპინძლებაზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მოქმედი ეკო ტურისტული კომპლექსის ,,Melaanian Vintage’’ დამფუძნებელი თეონა თაბორიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა მათ სერვისებზე გაიზარდა, თუმცა დაწესებულება მათ არ იღებს.
,,ბოლო პერიოდში ჩვენს კომპლექსშიც იმატა რუსი მოქალაქეების მომართვიანობამ, თუმცა ჩვენ როგორც ტურისტებს ასე არ ვუყურებთ მათ. ამიტომ არ ვმასპინძლობთ. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლის დანგრევაში ვერ დავდებთ ჩვენს წილ აგურს რადგან, გრძელვადიან პერპექტივაში ძალიან დიდი საშიშროება გველის მათი სახით”,– განუცხადა Knews.ge-ს თეონა თაბორიძემ.
მომართვიანობა გაზრდილია ასევე სხვა დაწესებულებებშიც. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოქმედი ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებლის ინფორმაციით, ყოველწლიურად მათთან რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა მოდიოდა როგორც ტურისტი, თუმცა რუსეთში, მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ, ათჯერ გაიზარდა მათთან მისვლის, დასაქმების ან სხვადასხვა პროექტებში ჩართვის მსურველი რუსების რიცხვი.
,,ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ტელეფონი არ ჩერდება, მოდის ბევრი ტესტური შეტყობინება და შემოდის ზარები. რუსეთის მოქალაქეებს უნდათ აქ ჩამოსვლა, მუშაობა. მე მათ დასასაქმებლად მივიღებ. მომართვიანობა თითქმის გაათმაგებულია. ერთადერთ შანსად საქართველოში გამოქცევას აღიქვამვენ და ყველაფერზე არიან თანახმა, ოღონდ მოვიდნენ და დასარჩენი ჰქონდეთ. მზად არიან უფასოდაც იმუშავონ, მთავარია დარჩნენ.
წლებია მაქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც უცხოელები მოდიან, სწავლობენ მეურნეობის მუშაობის სპეციფიკას, აქ ცხოვრობენ და რაღაც პერიოდის შემდეგ მიდიან. ასე მყავს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის რუსეთიდან. ახლა მორჩება აღნიშნული პროექტი და აქედან გავუშვებ”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებში შემოსული რუსები არ სარგებლობენ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებით. ისინი ძირითადად ინტერნეტის საშუალებით არჩევენ დასარჩენად შესაბამის ადგილებს. თელავის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დიანა ფხოველიშვილი აცხადებს, რომ მათთან რუსეთის მოქალაქეების მომართვიანობა არ გაზრდილა.
,,წინა წლებთან ან თვეებთან შედარებით, წელს დიდი განსხვავება არაფერია იგივე რუსეთის მოქალაქეების მომართვიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი მომსახურებით ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან ჩამოსული მოქალაქეები სარგებლობენ. მოწინავე ქვეყნებია ამერიკა, ინგლისი, გერმანია და მათ შორის რუსეთიც. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მოქმედი სასტუმროებიდან და დაწესებულებებიდან სტატისტიკურ მონაცემებს, აღარ ვაკეთებთ, რადგან ცდომილება დიდი იყო ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ივლისში 617-მა ტურისტმა მოგვაკითხა. იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან და მათ შორის რუსეთიდან. აგვისტოში ჩვენთან მოვიდა 601 ტურისტი. ეს მონაცემები ცოტაა, მაგრამ ჩვენ ძირითადად გვაკითხავენ ის პირები, ვისაც დაკვალიანება უნდათ. ტურისტების უმეტესობა ძირითადად ინფორმაციას ინტერნეტით იღებს, ჯავშნიან ადგილებს და აქ ჩამოსულებმა უკვე იციან სად მიდიან და რა უნდა ნახონ”,- განუცხადა knews.ge-ს დიანა ფხოველიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაცია IDFI-ს კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ (31 ივლისის მდგომარეობით), ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს.
გარდა ამისა, საქართველოში ქონებას რუსეთის 23 000 მოქალაქე ფლობს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, იანვარ-ივლისში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა.
ფოტო: allnews.ge