ახალი ამბები

100 ათას ადამიანს სოციალურ დახმარებას ერთდროულად ვერ მოვუხსნით – კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი გასული წლიდან რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, უცებ ვერ შეამცირებენ.

“დღეს რომ ვთქვათ, რომ 100 ათას ადამიანს აღარ მივცემთ დახმარებას, ეს იქნება ამ ადამიანებისთვისაც პრობლემა და საბოლოოდ ქვეყნისთვისაც. ამიტომ, ამ პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყონ შრომის ბაზარზე გამოჩენა. შემდეგ კი ეტაპობრივად გადაინაცვლებენ კერძო სექტორში. არა მაღალკვალიფიციურ და საშუალოზე მაღალ პოზიციაზე, არამედ ისეთ ადგილებზე, სადაც მოთხოვნა მაღალია და დღეს კადრი არ ჰყავთ. ამასთან, ძალიან ბევრი ადამიანია ვინც მუშაობს და ამ ბაზაში ხვდება იმიტომ, რომ ჩრდილოვან ბაზარზეა დასაქმებული. ამით ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას დასაქმდნენ, “გამოჩნდნენ” და დახმარებას არ მოვუხსნით. ეს მოტივაციას უჩენთ ჩრდილოვანი სექტორიდან გამოვიდნენ და ლეგალურად დასაქმდნენ. ამით ეტაპობრივად მოვახერხებთ იმას, რომ სოციალური პოლიტიკა უფრო სწორად წარვმართოთ”,-განაცხადა კაკაურიძემ.

სოციალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა. სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი მოქმედებს.