შილდელ ბავშვებს, რომლებიც ხანძრის დროს მეხანძრეებს ეხმარებოდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შილდელ ბავშვებს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს, შილდელი ბავშვები – 12 წლის მალხაზ თეთრაშვილი და 13 წლის თემურ ნიკოლოზიშვილი ყოველდღიურად, საკუთარი ინიციატივით სოფლიდან რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდნენ და ზურგჩანთებით ცივი წყალი მიჰქონდათ ჯარისკაცებისა და მეხანძრე-მაშველებისათვის, რათა მშობლიური სოფლის სიახლოვეს ბუნების გადარჩენის საქმეში საკუთარი წვლილი შეეტანათ.
მათივე ცნობით, დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამაგალითო შილდელ ბიჭებს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისა და გამოჩენილი აქტიურობისათვის მადლობა პირადად გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ჭიპაშვილი და სოფელ შილდის საჯარო სკოლის დირექტორი, ზაირა არევაძე ესწრებოდნენ.
ნახეთ ამავე საკითხზე: