ახალი ამბები

როგორ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და როგორია თელავში მცხოვრები მოსახლეობის შეფასებები

თითქმის ორი წელია თელავში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მოძრაობა. ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსებით, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვისაც არის ადაპტირებული, მოსახლეობა უკვე სარგებლობს. 

ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ემსახურება. აქედან, სრული დატვირთვით მხოლოდ 5 მათგანი მუშაობს. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე. ამ ეტაპისთვის მუნიციპალური ავტობუსებით სარგებლობა უფასოა.

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების ფაქტს დადებითად აფასებენ, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ავტობუსის მძღოლების უმეტესობა არაკვალიფიციურია და აღნიშნული საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

,, ავტობუსის მძღოლები თავის ჭკუაზე დადიან, ზოგი წესრიგს არ იცავს, ზოგი მგზავრებს ეჩხუბება და ზოგიც მოძრაობის წესებს არღვევს. ამისი ერთი და ორი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული მოსახლეობის მიერ. ამ საკითხებით უნდა დაინტერესდეს მერია”,- აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულ საკითხზე ხშირად სოციალურ ქსელში პოსტავს. როგორც ერთ -ერთი ადგილობრივი, მარიკა წიქარაძე, სოციალურ ქსელში წერს, #1 ავტობუსის მძღოლი, გაჩერებებზე მოსახლეობას ავტობუსს არ უჩერებს და სწრაფად გადაადგილდება. აღნიშნულ პოსტს მოქალაქეების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

,, რამდენიმე დღის წინ, გამგეობის ქვემოდან, გაჩერებაზე, ისეთი სისწრაფით ჩამოიქროლა, გადმოიხედა. გაჩერებაზე ხელი რომ დავუქნიე გასაჩერებლად და ვითომ არაფერი, სწრაფად გაიარა. ერთხელაც იქნება ამ სისწრაფის გამო რაღაც მოხდება. მგზავრებზე საერთოდ არ ფიქრობენ.  ასეთი თავხედი არც უნდა მუშაობდეს მძღოლად”,- წერს მარიკა სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ საკითხზე knews.ge თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, უწყება აღნიშნული ფაქტებით დაინტერესდება და შესაბამის ზომებს მიიღებს. 

,,მგონია ეს შეფასება ძალიან გადაჭარბებულია. შეიძლება ერთეული შემთხვევა მოხდა და მძღოლმა ვიღაცისთვის სწრაფად ან ნელა გაიარა. იმ ქუჩებში სადაც ჩვენი ავტობუსები  დადიან შეიძლება, რომ მან სწრაფად იაროს და უსაფრთხოების წესები არ გაითვალისწინოს, მაშინ როდესაც ამხელა ტრანსპორტი მოქალაქეებით სავსეა? რაც შეეხება უხეშად მოქცევას მძღოლის მხრიდან, ეს საინტერესო ამბავია და ამით დავინტერესდებით, მოვიკითხავთ და თუ საჭიროა რაღაცას კიდევ შევცვლით. არ არის დასამალი, რომ კონკრეტული შემთხვევის გამო, მაქსიმალური სასჯელი, სახდელი გამოგვიყენებია მძღოლის მიმართ და ყოფილა შემთხვევები, დავმშვიდობებივართ კიდევაც.

გარდა ამისა, მაგალითად, მე რაც შემიმჩნევია და არაერთხელ მითქვამს, არის ის, რომ ჩვენი ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები ხარვეზებით  არის დახაზული. ასევე, ავტობუსი არ ჩერდება ტროტუართან ახლოს და ჩერდება გზის სავალ ნაწილზე. გვქონია ეს ფაქტები, მძღოლთან ამაზე საუბარი, და საყვედურიც მიგვიცია. შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ ეტაპობრივად. ვგეგმავთ ახალი გაჩერებების და მარშრუტების დამატებასაც”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა. 

მერის ინფორმაციითვე, იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს, უწყება აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, უკვე დადგენილია მგზავრობის საფასური 1 ლარი, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.

ლევან ანდრეაშვილის თქმით, დადგენილია ასევე მოქალაქეების 16 სტატუსის ჩამონათვალი, რომლებიც შეღავათებით, 50 თეთრით ისარგებლებენ. 

,, მივიღეთ გადაწყვეტილება, რითაც დავადგინეთ საფასურების პოლიტიკა.  16 ჩამონათვალია იმ ადამიანების  სტატუსების მიხედვით, ვინც შეღავათიანი 50 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებს. ჩვეულებრივად, მგზავრობის საფასური კი იქნება 1 ლარი. გარდა ამისა, ვგეგმავთ შემოვიღოთ ბონუსური სისტემა, სადაც მოქალაქეებს მგზავრობის 1 თვიანი პაკეტის ყიდვა შეეძლებათ. ეს ჯერ დამუშავების პროცესშია, ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ მგზავრობის საფასურის გადახდა საბარათე სისტემით იქნება. მოხდება ბარათების დამზადება და გაყიდვა. 

მგზავრობის გადასახადის ამოქმედება უახლოეს თვეებში არ იგეგმება. ესეც მოსახლეობისთვის შეღავათია. ჩვენ კონტრაქტორთან, რომელიც უზრუნველყოფს  საბარათო სისტემით მომსახურებას, ვაფორმებთ უკვე ხელშეკრულებას. ძირითადად, ტექნიკური ხასიათის საკითხებია მოსაგვარებელი: ეს არის ბართის წამკითხველის,  ბარათის პროგრამის საკითხების მოგვარება. ასევე ვგეგმავთ ტაბლოების განთავსებას, სადაც იქნება აღნიშნული , რომელი ავტობუსი მოდის კონკრეტულ ადგილზე, რამდენი წუთით იგვიანებს და სხვა.  ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ამ სამუშაოებს დავასრულებთ და ახალი წლიდან უკვე შეიძლება ფასიანი გახდეს. ფასის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას, მოსახლეობას გონივრულ დროში მივაწვდით.”