ახალი ამბები

გაიცანით 19 წლის წარმატებული ახალგაზრდა არზუ ჯალალოვა სოფელ კაბალიდან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად მცხოვრები 19 წლის არზუ ჯალალოვა წარმატებული ახალგაზრდაა. ის სხვადასხვა პროექტებში მოხალისეობრივად იღებს მონაწილეობას და არის აქტიური მოქალაქე.

არზუმ, სოფელში სწავლის დასრულების შემდეგ, სწავლა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. ის ახლა მეორე კურსის სტუდენტია და სამართალს სწავლობს. ჩართულია სხვადასხვა პროექტებში თუ აქტივიობებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სოფელი კაბალი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია.

,,ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ვარ სამართლიანი პიროვნება, არასდროს შემიძლია ტყუილის თქმა. აქედან გამომდინარე, ეს განხრა ზუსტად მე შემეფერება.

მიყვარს სამართლიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით, რაშიც მონაწილეობა მივიღე, ვიყავი ბერლინში და ეს ამ ზაფხულს ჩემი უდიდესი მონაპოვარი იყო. ძალიან იშვიათია ჩემს თემში ვინმე, მითუმეტეს გოგო, ასეთ პროგრამებში იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ მე არზუ ჯალალოვა ვარ_ ცვლილებებისთვის შექმნილი ახალგაზრდა და სხვებისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყავი. გავბედე და დღემდე მიხარია, რომ ზაფხული უბრალოდ სახლში ჯდომით არ გამიტარებია, პირიქით, მოგონებებს კიდევ უფრო ლამაზი მოგონებები დავამატე.

ეს იყო ის მომენტი, როდესაც გავიცანი უკრაინელი ახალგაზრდები პირველად, დავმეგობრდით, საერთო ინტერესები ვნახეთ და დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. საუკეთესო გარემო, საუკეთესო ადამიანებთან და საუკეთესო ორგანიზაცია იყო. დღეს ძალიან თავდაჯერებული ვარ”,- განაცხადა არზუ ჯალალოვამ Knews.ge-სთან საუბრისას.

არზუ ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მათ უნარების გაძლიერებასა და განვითარებაში ეხმარებათ. გოგონა აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მერვე კლასში ყოფნისას გაიგო და მას შემდეგაქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში.

,,ჯერ მე-8 კლასში ვიქნებოდი როდესაც გავიგე, რომ არსებობს არაფორმალური განათლება და ის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც სკოლა. სკოლა გაძლევს განათლებას და ცოდნას, არაფორმალური განათლება კი გვეხმარება განვითარებაში და ხელს გვიწყობს ვიპოვოთ ჩვენი თავი. მიხარია, რომ წყნარმა არზუმ შეძლო თანაბრად მიიღო მონაწილეობა როგორც სკოლაში შესაბამისი ცოდნის, ასევე არაფორმალური განათლების მიღებაში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ბევრი შესაძლებლობა მომცა, რომ განვვითარებულიყავი და დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა ვარ. უამრავ პროექტებში, ღონისძიებებში, კონკურსებში, ფესტივალებზე მივიღე მონაწილეობა და თითოეული მათგანი დამეხმარა უფრო წინ წავსულიყავი. არსებობს ბანაკები, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და ბევრ რამეს სწავლობენ. მე რამდენიმე ბანაკში მივიღე მონაწილეობა, რამაც უფრო თავისუფალი გამხადა, მაჩვენა ქალის სიძლიერე და მასწავლა ქართული ენა უფრო უკეთ.

ერთ-ერთ ბანაკში მივიღე მონაწილეობა, კერძოდ GlowGeorgia-ში, სადაც მხოლოდ გოგონები იყვნენ და იქიდან დავბრუნდი როგორც ჯუნიორ ლიდერი. მე იმ პერიოდში მივიღე მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, სადაც ჩემს თემში ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცოდა რა იყო ბანაკი და იქ რას აკეთებდნენ ახალგაზრდები. ამის შემდეგ დავინტერესდი და ინტერნეტი იმისთვის გამოვიყენე, რომ უფრო მეტ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა. GlowGeorgia-ს ბანაკსაც მასე მივაგენი და 10 პროექტის გაკეთებით ,,გლოუ ბანაკის” ელჩიც გავხდი. ამ პროექტებს შორის ერთ-ერთი ის იყო, რომ ახალგაზრდებისთვის გამეზიარებინა რა იყო ,,გლოუს ბანაკი” და რა იყო ,,სტეფ ბანაკი”, რომელიც მარტო ბიჭებისთვისაა”,– აღნიშნა ახალგაზრდამ.

არზუ საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ კაბლის თემში ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კი ნაადრევი ქორწინებაა, რის გამოც ახალგაზრდები განათლებას ვერ იღებენ.

,,ჩემს თემში ძალიან ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთია ნაადრევი ქორწინება. ამის გამო ახალგაზრდები განათლებას ვერ იღებენ. პატარები ქორწინდებიან მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული რისთვის დაიბადნენ. ჩემი აზრით, სკოლის დამთავრება არ უნდა გულისხმობდეს აუცილებლად გათხოვებას. სკოლის დასასრული ახალი ცხოვრების დასაწყისია, სადაც უნდა შექმნა, განვითარდე, გაიაზრო რა გინდა და რა უნდა შეცვალო შენს თემში.

სამწუხაროა, როდესაც გოგონებს გასათხოვარ ნივთად უყურებენ. ეს ჩემთვის აუტანელი რამ არის. მინდა გოგონები უფრო ძლიერები დავინახო, მინდა ვნახო თუ როგორ შრომობენ და იცავენ საკუთარ უფლებებს. მინდა გაიაზრონ, რომ კანონი არ განსაზღრავს ქალის უფლებებს ცალკე, რადგან ყველას დაბადებიდან თანაბარი უფლებები აქვს. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ დაფიქრდნენ და დააყენონ პირველ ადგილზე საკუთარი თავი. არ უნდათ გათხოვება ? აიძულებენ ? უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც ქალის უფლებებს იცავს. მათ შეუძლიათ მასწავლებელსაც შეატყობინონ და ამას აუცილებლად ექნება შედეგი. მინდა ერთ დღეს გავიღვიძო და არ მესმოდეს ნაადრევი ქორწინების და სხვა პრობლემების შესახებ. ყველა იმსახურებს თავისუფლებას ისევე, როგორც საქართველო. მინდა გავიღვიძო ერთ დღეს გამთლიანებულ საქართველოში, მინდა დავინახო ჩემს გარშემო უფრო მეტი ძლიერი ქალი, რადგან ჩვენ, უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია.“

ფოტო: ეთნოპალიტრა • Ethnopalitra