ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ნედლი რძის პროდუქტების საწარმო „რძის ქალაქი“ ამოქმედდა

დედოფლისწყაროში, 4 მლნ ლარის ინვესტიციით ნედლი რძის პროდუქტების საწარმო „რძის ქალაქი“ ამოქმედდა.

კომპანიის დირექტორი თამარ მოდებაძე აცხადებს, რომ ოჯახი რძის პროდუქტების წარმოებას წლების განმავლობაში მისდევდა, თუმცა ბოლო პერიოდში საქმიანობის ბიზნესად გადაქცევა გადაწყვიტეს და ორი წლის წინ საწარმოს პროექტი შეიმუშავეს. USAID-ის, FAO-ს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გრანტებითა და პირადი ფინანსური ინვესტიციით, რამაც ჯამში 4 მლნ ლარი შეადგინა, კომპანია „რძის ქალაქის“ სახელით, ოპერირება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

შედეგად კომპანია საწარმოსთან ერთად, დღეს დედაქალაქში ორ, ხოლო დედოფლისწყაროში ერთ მაღაზიას მართავს. კომპანია რეგიონში, ფერმერებიდან უმაღლესი ხარისხის ნედლ რძეს იბარებს და 12-მდე დასახელების რძის პროდუქტებს აწარმოებს.

“საწარმოს საწარმოო სიმძლავრე თვეში 20 ტონამდე რძის გადამუშავებაა. ეს რეგიონისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომ ახლა მხოლოდ 5 ტონის გადამუშავება ხდება. შედეგად ამ ეტაპზე 10-12 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ – რამდენიმე სახეობის ყველი, ხაჭო, კარაქი და ა.შ. საწარმო წარმოების მაღალ სეზონზე დაახლოებით 20 ადამიანს ასაქმებს, ხოლო დაბალ სეზონზე 15 სამუშაო ადგილს ქმნის“, – ამბობს თამარ BM.GE-სთან მოდებაძე.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი პროდუქტები სრულად ნედლი რძისგან მზადდება და ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე მომხმარებლის მხრიდან ინტერესი და მოთხოვნა მათ პროდუქტზე მაღალია.