სოცდაუცველების დასაქმებისთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყოფა
საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამისთვის, რომლის ფარგლებშიც მთავრობა სოციალურად დაუცველებს ასაქმებს, 40 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ სწორედ ეს თანხაა გათვალისწინებული საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. რაც შეეხება პროგრამის შედეგებს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების მიზნით დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს 59 438 მოქალაქემ მიმართ.
1 მარტიდან ამოქმედებული საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის შედეგები, 2 სექტემბრის მონაცემებით, ასეთია:
სააგენტოს მიმართა 59 438 პირმა;
საზოგადოებრივ სამუშაოებზე გადამისამართდა 26 098 და მათგან დასაქმდა 20 589;
ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმება აირჩია 3 022-მა;
საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება აირჩია 4 233 პირმა;
პროგრამაში ჩართვაზე უარი განაცხადა 11 502 პირმა;
პროფესიული გადამზადება აირჩია 594 პირმა;
სააგენტოს მიმართა 2 304-მა არამიზნობრივმა პირმა;
კონსულტაცია გაეწია და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია 11 685 პირს.
შეგახსენებთ, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას აანონსებდა. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.