ახალი ამბები

NDI: მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირად საკვების საყიდლად ფული არ ჰქონიათ

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.

2022 წელს გამოკითხული მოსახლეობის 55% ამბობს, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა, 38% საშუალოს ამბობს. მხოლოდ 4% აცხადებს, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა.

გამოკითხული მოსახლეობის 45% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. 34%-ის თქმით, 5 წლის წინანდელთან შედარებით იგივე ფინანსური მდგომარეობა აქვს. 20%-ით თქმით, მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოკითხული ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, ბოლო 12 თვის შესახებ თუ ვისაუბრებთ, რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად, მოსახლეობის 39% ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია, 30%-ის თქმით, ყოველთვე ან უფრო ხშირად, 29%-ის განცხადებით კი, უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველდღე.