ახალი ამბები

EBRD საქართველოში მსხვილ, საშუალო და მცირე ენერგეტიულ პროექტებს მხარს დაუჭერს

EBRD – ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. საკითხი ეკონომიკის სამინისტროში EBRD – ის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან შეხვედრაზე განიხილეს.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტად დასახელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე გამოხატა დაინტერესება. აღინიშნა, ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე -კერძო სექტორს.

შეხვედრაზეასევე აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79 პროცენტი კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა.

ხაზი გაესვა იმას, რომ ბანკის პორტფელი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. აღინიშნა, რომ განხორციელებული ინვესტიციით ხელი შეეწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ევროპული ფასეულობების დანერგვისა და ეკონომიკური გარდაქმნებისკენ.

აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება. ამ მხრივ, ბანკი კვლავ გამოიყენებს უკვე აპრობირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.