ახალი ამბები

6 თვეში განქორწინების მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში 11 376 ქორწინება და 6 629 განქორწინება დარეგისტრირდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია როგორც რეგისტრირებული ქორწინების, ისე განქორწინების რაოდენობა.

კერძოდ, 2022 წლის პირველ ნახევარში 24%-ით მეტი ქორწინება და 42%-ით მეტი განქორწინება დარეგისტრირდა.

რაც შეეხება შობადობისა და გარდაცვალების სტატისტიკას, იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 26 681 ადამიანი გარდაიცვალა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 1 644-ით ნაკლები ბავშვია დაბადებული. გარდაცვალების შემთხვევები კი წლიურად 860 ადამიანითაა გაზრდილი.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).