ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის 30% რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვის მომხრეა

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.

კერძოდ, წინა კვლევის შედეგებთან შედარებით მცირედით გაზრდილია იმ მოსახლეობის წილი, რომელიც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას ემხრობა და 29%-ს შეადგენს. ხოლო ეკონომიკური ურთიერთობების უცვლელად დატოვებას ან შეზღუდვას ჯამში მოსახლეობის 58% ემხრობა.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით, 30%-მდე შემცირდა იმ მოსახლეობის წილი, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის შეზღუდვას ემხრობა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს გაიზარდა საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ფულად გზავნილებზე, რუსი ვიზიტორებიდან მიღებულ შემოსავალსა თუ რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე. მხოლოდ 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და ექსპორტით დაახლოებით, 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიურ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია და 36%-ით აჭარბებს პანდემიამდელი 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს.

უახლესი მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვეების მსგავსად, საქართველომ ყველაზე მეტი ($111 მილიონის) ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო და მასზე მთლიანი გზავნილების 33% მოდიოდა.

გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში ასევე რუსეთი ლიდერობდა. აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 133 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს ჯამური მონაცემებით კი რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 468 მლნ დოლარი დახარჯეს.

2022 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში საქართველოში რუსეთიდან იმპორტი, წლიურად 60.4%-ით გაიზარდა. მთლიან იმპორტში კი რუსეთის წილი 12.3% იყო. რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 10.9% შეადგინა. პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული საწვავის უდიდესი ნაწილი, 41% სწორედ რუსეთზე მოდის.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.