ახალი ამბები

NDI- გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ სმენია.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: „2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატსს მიანიჭებს. გსმენიათ თუ არა ამ გადაწყვეტილების შესახებ?“, 62 % ამბობს, რომ „დიახ“, 30 %-ის განცხადებით, „არა“, ხოლო 8 %-მა „არ იცის“.

ამასთან, მათგან, ვისაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ სმენია, უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

კერძოდ, შეკითხვაზე: ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმები? – 62 %-დან, ვისაც სმენია 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, 56 % ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო“, 32 % ფიქრობს, რომ „საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო“, 7 % „არც ერთს არ ეთანხმება“, 5 %-მა კი თქვა, რომ „არ იცის“.

გარდა ამისა, გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობისთვის ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მოქალაქეების მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს. კერძოდ: შეკითხვაზე, შეასრულებს თუ არა საქართველოს მთავრობა ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაწესებულ პირობებს, 32 %-ის პასუხია „დიახ“, 33-ის „არა, არ შეასრულებს“, 35 %-მა „არ იცის“, დანარჩენმა კი პასუხზე უარი თქვა.

ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.