ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.

მოსახლეობის 55% თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 38% თვლის, რომ საშუალოა, ხოლო მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია.
კითხვაზე: 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, გამოკითხული რესპონდენტების 45% ამბობს, რომ დღეს უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. იგივე ფინანსურ შესაძლებლობებზე მოსახლეობის 34% საუბრობს, ხოლო მეტი ფინანსური რესურსი მხოლოდ 20%-ს აქვს. კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა ვერ დააფიქსირა.
კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა.
მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის.
ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.