სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის 90-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების ახლად აშენებულ სკოლაში შეძლებს სწავლას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
“კახეთის რეგიონს კიდევ ერთი, ახლად აშენებული საჯარო სკოლა შეემატა. დღეს, სწავლის დაწყება კახეთში, სოფელ ქვემო მაჩხაანში ამ ულამაზესი, განსაკუთრებული არქიტექტურის ახალი სკოლის გახსნით აღვნიშნეთ. თანამედროვე სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე, ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალ, კომფორტულ გარემოში სასწავლო წლის დაწყებას,”– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა და მასზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია მოეწყო. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.