არასამთავრობოები – მოვითხოვთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტონ ჩვენზე თავდასხმა და შევიწროება
ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები შემაშფოთებელია – ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
სამოქალაქო სექტორის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს. ამასთან, ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას საფრთხეს უქმნის.
მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები და მათი შევიწროება შეწყვიტოს.
„ხელმომწერი ორგანიზაციები ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მედია თავდასხმის ფაქტებს ვეხმაურებით. შემაშფოთებელია, არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებთან დაკავშირებით მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის კომენტარები. აღნიშნულ განცხადებებში მათ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. აღნიშნული ბრალდებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს, ასევე ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას საფრთხეს უქმნის.
13 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ “პოლიტიკურ პარტიებად” ჩამოყალიბდნენ და ისინი პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ვერ ჩაერთვებიან.“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) მედიაპროექტი “ფაქტ–მეტრი” (FactCheck.ge) უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ავიწროებენ, მათ შორის „პოლიტიკურ პარტიებად“ მოიხსენებენ, მათ ცილს სწამებენ და მათთან დიალოგის ფორმატს წყვეტენ.
შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები. ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის. აუცილებელია პარალელების გავლება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, როდესაც გარკვეული სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების „მიზანში ამოღება“ ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ რეჟიმებში ბოლო პერიოდის ტრენდს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით უფლებადაცვით და დემოკრატიზაციის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათი ფინანსური ბრუნვის კონტროლი და „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადება წარმოადგენს. მსგავსი ტრენდი შეინიშნება რუსეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში და არამხოლოდ.
საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით ნაკისრი აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ პოზიტიურ როლს ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები პოლიტიკური და სოციალური საკითხების გარშემო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ამგვარი მტრული დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის დიალოგს კიდევ უფრო აფერხებს, რაც თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოებას სივრცეს მეტად უზღუდავს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა: შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები და მათი შევიწროება. გააძლიერონ სამოქალაქო სექტორის, მათ შორის მისი კრიტიკულად განწყობილი ნაწილის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აწარმოონ მათთან ჯანსაღი დისკუსია და დიალოგი. უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და უფლებადამცველების საქმიანობისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს არსებობა, რაც გამოიხატება მათთვის საჯარო მხარდაჭერის გამოცხადებით, ასევე მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
მედიის ინსტიტუტი;
საფარი;
უფლებები საქართველო;
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
ალტერნატივა ჯორჯია;
ჩართულობის და განვითარების ცენტრი;
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS);
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი;
ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი;
ღია საზოგადოება – საქართველო;
მოძრაობა „სირცხვილია“;
ქალთა ფონდი საქართველოში;
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
სოლიდარობის თემი;
მედიის განვითარების ფონდი;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი;