ძალოვანი უწყებების დაფინანსება იზრდება
ძალოვანი უწყებების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება – მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, თავდაცვის სამინისტროს 80 მილიონი ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს 70 მილიონი ლარი ემატება.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 80.0 მლნ ლარით იზრდება და 1 082,4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. როგორც მთავრობა განმარტავს, ზრდა ძირითადად თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოჯისტიკური ხარჯების შეუფერხებლად დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული უწყების დაფინანსება 70,0 მლნ ლარით იზრდება და 935,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. მთავრობის ინფორმაციით, დამატებითი თანხიდან 50,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია ახალი სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის ნაწილობრივ დასაფინანსებლად, ხოლო 20,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია პოლიციელებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის (პოლიციის ქალაქი) ნაწილობრივ დასაფინანსებლად.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვების პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.