შსს: საქართველოს მართვის მოწმობას დღეიდან კატარი აღიარებს
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას კატარის რესპუბლიკა დღეიდან, 14 სექტემბრიდან აღიარებს.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
უწყებაში განმარტავენ, რა შემთხვევაში შეძლებენ ტურისტული მიზნით კატარში ჩასული საქართველოს მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოყენებას:
“პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს კატარში ჩამოსვლიდან 3 თვის მანძილზე”.