ახალი ამბები

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით ჯამში 3 956-მა ოჯახმა ისარგებლა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით ჯამში 3 956-მა ოჯახმა ისარგებლა. გაცემული სესხების მოცულობამ კი 441 102 686 ლარი შეადგინა.

მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა 2021 წელს, წინასაარჩევნოდ დაიწყო. პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც (3+) ითვალისწინებს იპოთეკის სუბსიდირებას.

სუბსიდირების პირობებია:

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5-წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი.

თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6%-ის ოდენობით.

თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.