EU-დან ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, 55.4%-ით აღდგა
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 55.4%-ით აღდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ევროკავშირიდან ვიზიტორების მიერ სულ 173 530 ვიზიტი განხორციელდა.
ეს მაჩვენებელი გასული წლის 8 თვის მაჩვენებელს 136.5%-ით, 2020 წლის მაჩვენებელს 174.8%-ით აღემატება, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებს კი 44.6%-ით ჩამორჩება.
ამ პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზიტორების მხრიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან და პოლონეთიდან ფიქსირდება. სწორედ ეს ქვეყნები შევიდნენ TOP-15 ქვეყნის რეიტინგში, საიდანაც მიმდინარე წლის 8 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. აღსანიშნია ისიც, რომ გერმანიამ და პოლონეთმა TOP-15 ქვეყნის რეიტინგში ბოლო ადგილები გაინაწილეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განახლებული სტატისტიკის მიხედვით, გერმანიიდან ჯამში 30 433 ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის 8 თვის მაჩვენებელს 168.3%-ით, 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 291%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის 8 თვის რიცხვებს 46%-ით ჩამორჩება.
პოლონელი ვიზიტორების მხრიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი 26 705 შეადგინა. ეს კი გასული წლის მაჩვენებელს 70.1%-ით, 2020 წლის 8 თვის მონაცემებს 155.1%-ით აჭარბებს, 2019 წლის 8 თვის მონაცემებზე კი 52%-ით ნაკლებია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის წევრი მესამე ქვეყანა, საიდანაც 8 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთია 12 193 ვიზიტით, მას მოსდევს ლატვია 10 029 ვიზიტით და ლიეტუვა 9 703 ვიზიტით.
ჯამში მიმდინარე წლის 8 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 2 779 651 ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 2 251 978 ტურისტული ვიზიტი იყო. ეს კი გასული წლის 8 თვის მაჩვენებელს 155%-ით, 2020 წლისას კი 144.9%-ით მეტია, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე კი 34.7%-ით ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის 8 თვეში ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 65.3%-ია.