ახალი ამბებიბლოგები

მერი ჩახტაურის ხსოვნას

ყველა სოფელს, ქალაქს თუ უბანს  ჰყავს ერთი განსაკუთრებული და პატივსაცემი ადამიანი. უფრო სწორად ადამიანები, რომელთა ცხოვრება, განვლილი გზა, ღიმილი და სიკეთე ჩამქრალ შუკას ანათებს და მოგონებებს განსაკუთრებულ სხივს სძენს.

 

ასეთი სხივი სოფელ შილდასაც ანათებს. მერი მასწავლებელი. საუკეთესო დედა, მეუღლე, ბებია, კოლეგა და მეგობარი. რამდენ ახალგაზრდას გაუნათა ცხოვრების გზა, რამდენ მეგობარსა თუ მეზობელს წააშველა ხელი გაჭირვებისას. შესანიშნავი მეუღლე, სულიკო ჩახტაური, შილდის კიდევ ერთი ძვირფასი და მოამაგე ადამიანი, ნაადრევად დაკარგა. ყველაზე დიდი ტკივილი კი მისი ვაჟის, შესანიშნავი ახალგაზრდა კაცის, გია ჩახტაურის უდროო გარდაცვალებამ მიაყენა. სწორედ ამიტომაც დაიხურა მისი ნათელი გული სამუდამოდ.

 

უკვე 40 დღე გავიდა მისი გარდაცვალებიდან. საყვარელ ოჯახს, მის ქალიშვილებს: თამარს და იამზეს,  დააკლდა ძვირფასი და საყვარელი დედა.  სულოს, თამუნას, ელენეს, გიკოს, მარიამს, მირანდას კი საუკეთესო ბებია. სოფელ შილდას ღვაწლმოსილი პედაგოგი, კეთილი მასპინძელი, მოყვასის მხარდამჭერი და შეუცვლელი მოამაგე.

 

შემოდომის პირი დადგა. თვალუწვდენელი მთებით და ოქროსფერი ვენახებით გარშემორტყმულ სოფელ შილდაში გასაკუთრებით იგრძნობა შემოდგომის მადლი. სოფლის თავში განაპირა ტაძარში სანთლები ანთია. იქვე, შორიახლოს, მერი მასწავლებლის კოხტა სახლი დგას. ცოტა ზემოთ კი სასაფლაო, სადაც მარადიული სასუფეველი მიენიჭა მის ნათელ სულს.

 

ყველა სოფელს, ქალაქსა თუ უბანს ჰყავს განსაკუთრებული ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი მერი მასწავლებელიც იყო…

 

ფოტოზე: სოფელი შილდა.