მთავრობა “გამარტივებულ შესყიდვებს” სახელს უცვლის
პარლამენტი სახელმწიფო შესყიდვების კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელთა მიზანიც ქართული კანონმდებლობის EU-ს ნორმებთან დაახლოებაა.
ვრცელ საკანონმდებლო პაკეტში საუბარია გამარტივებული შესყიდვების შესახებაც, რომლეთაც მთავრობა სხვადასხვა მიზეზით საკმაოდ აქტიურად იყენებს.
გამარტივებული შესყიდვებით მთავრობა როგორც საჩქარო, ასევე მიმდინარე პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, თბილისობის ან ახალი წლების კონცერტების ორგანიზება, სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი სტადიონების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა (ევრობასკეტის სტადიონი, 2023-ის სათხილამურო ჩემპიონატის სამზადისი) და ამ მიმართულებით უტენდეროდ ასობით მილიონს ხარჯავს. უტენდეროდ გაწეული ხარჯები ყოველთვის ექცეოდა აუდიტის სამსახურის და NGO-ების ყურადღების ცენტრში, რადგანაც ის გაუმჭვირვალედ ხარჯვის და პირობების მორგების მომეტებულ რისკებს შეიცავს.
ახალ კანონპროექტში გამარტივებული შესყიდვის პროცედურას ეცვლება სახელი და მას “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” ერქმევა. ასევე ცვლილებები შედის ამ შესყიდვების გამოცხადების და არგუმენტირების წესებში. Ძირითადი წინაპირობა, რომლითაც ასეთი შესყიდვები უნდა ჩატარდეს, არის “გადაუდებელი აუცილებლობა”, რაც ამჟამად არსებულ არსებულ წესთან შედარებით უფრო ვიწროა. თუმცა, უცნობია რა სახით იმოქმედებს ეს ამ შესყიდვების რაოდენობაზე.
წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა
1. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, საჯარო შესყიდვის გამოცხადების გარეშე გამართოს მოლაპარაკება ეკონომიკურ ოპერატორ(ებ)თან შესყიდვის ხელშეკრულების დადების მიზნით. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა დაიშვება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) ღია ან შეზღუდული პროცედურა არ შედგა ან დასრულდა უარყოფითი შედეგით, შემსყიდველი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ვეღარ ესწრება ხელახალი პროცედურის გამოცხადება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებითად არ იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები და მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრული იყო ღია ან შეზღუდული პროცედურის შესყიდვის პირობებში;
ბ) როდესაც საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთ ეკონომიკურ ოპერატორს, ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობის გამო:
ბ.ა) შესყიდვის მიზანია, უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ან მხატვრული ნაწარმოების შექმნა ან შესყიდვა;
ბ.ბ) ტექნიკური გარემოებების, მათ შორის, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების გამო არ არსებობს კონკურენცია;
ბ.გ) აუცილებელია ექსკლუზიური უფლებების, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
გ) შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი და წინასწარ უცნობი მიზეზით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობის გამო, შეუძლებელია სხვა შესყიდვის პროცედურის გამოყენება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობის გარემოება ხელოვნურად არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ;
დ) საქონელი წარმოებულია მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ექსპერიმენტის ან გამოკვლევის ჩასატარებლად ან განვითარებისთვის. ამ ქვეპუნქტის ფარგლებში, დაუშვებელია დაიდოს ისეთი შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს საქონლის სერიულ წარმოებას, კომერციული რენტაბელურობის მიღწევას ან ამ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობის ხარჯების ანაზღაურებას;
ე) თუ თავდაპირველი მიმწოდებლისგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა გამიზნულია თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ან მისი შემადგენელი კომპონენტის ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად ან ამ შესყიდვის ობიექტის ან მისი შემადგებელი კომპონენტის დასამატებლად და როდესაც შესყიდვის ობიექტის სხვა მიმწოდებლისგან შესყიდვა გამოიწვევს თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესებას, მათ შორის განსხვავებული ტექნიკური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტის შესყიდვას, რასაც შედეგად მოჰყვება შეუთავსებლობა ან არაპროპორციული ტექნიკური სირთულეები შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციისას ან მოვლა-შენახვისას. ასეთი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულებას;
ვ) შესასრულებელია ან გასაწევია ახალი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც თავდაპირველი მიმწოდებლისგან შესყიდული სამუშაოს ან მომსახურების იდენტურია. აუცილებელია, რომ ასეთი სამუშაო ან მომსახურება შეესაბამებოდეს ძირითად სამუშაოს ან მომსახურებას, რომლის შესასყიდადაც დაიდო თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულება. ძირითადი სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვის პირობები უნდა ითვალისწინებდეს დამატებით სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობას, აგრეთვე, წესებს, რომლის შესაბამისადაც იქნება გამოყენებული ეს შესაძლებლობა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მონეტარული ზღვრების სწორად განსაზღვრის მიზნით, თავდაპირველი შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, გაითვალისწინოს დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულებას;
ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვა;
თ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში − სწავლების ცენტრი) საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ახორციელებს საჯარო შესყიდვებს;
4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, აგრეთვე, შესაძლებელია გამოყენებულიქნეს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, თუ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ჯამური ღირებულება ნაკლებია:
ა) 10 000 ლარზე – საქონლის ან მომსახურების შემთხვევაში, ხოლო 20 000 ლარზე – სამუშაოს შემთხვევაში;
ბ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, ასევე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს მიერ შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში;
გ) 20 000 ლარზე – როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები, საქართველოს დაზვერვის სამსახური, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შეისყიდიან თავდაცვასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულსაქონელს ან მომსახურებას,”- ნათქვამია კანონპროექტში,” – ნათქვამია დოკუმენტში.