საქართველოს მოსახლეობის 23% უცხოეთში ემიგრაციაშია წასული – PMCG
კვლევითი ორგანიზაცია PMCG საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ უახლეს ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861,000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.
ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450,000 ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).
2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74,000-მდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16,000), თუმცა 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100,000 ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (- 26,000).
„საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყნიდან ემიგრაცია ხასიათდება, როგორც შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით (უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და დაბალი ხელფასები).
სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები“, – წერია PMCG-ის ანგარიშში.