საქართველოში დნმ-ისა და თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზის შექმნა იგეგმება
საქართველოში დნმ-ის კოდისა და თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზის შექმნა იგეგმება.
მთავრობის მიერ მომზადებული „დნმ-ის კოდისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიაზეა გათვალისწინებული.
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, დნმ-ის ერთიანი ბანკის შექმნაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 000 000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა დაფინანსდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
„საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ დნმ-ის კოდის და თითის ანაბეჭდის ნიმუშების დამუშავება გამოძიების თანამედროვე მეთოდებს შორის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია. დნმ-ის კოდის/თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზის გამოყენებით დგინდება დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა, ასევე შესაძლებელია უდანაშაულო პირების განსაზღვრა.
სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მსგავსი სახის მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოთავსდება და შეინახება დნმ-ის კოდის პროფილი. გამომდინარე აქედან, შემუშავდა „დნმ-ის კოდისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დნმ-ის კოდის მონაცემთა ბანკის შექმნისთვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციის შექმნას და ამ გზით საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას“, – აღნიშნულია კანონპროექტის აღწერაში.