დედოფლისწყაროში მოქმედი კომპანია მომხმარებელს დამატებით 10-მდე დასახელების მზა პროდუქტს შესთავაზებს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ კომპანია კომპანიაში „ჯეო ნატურალსი“ წარმოებული ,,სადილი” შემოდგომიდან მომხმარებლებს 10-მდე დასახელების ახალ პროდუქტს შესთავაზებს.
კომპანიის გაყიდვების დირექტორმა გიორგი ყაჭიურმა განაცხადა, რომ კომპანია ამ ეტაპზე მუშაობს ახალი პროდუქტების დიზაინზე და სექტემბრიდან მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა შეიძინონ ისინი საქართველოს მასშტაბით ქსელურ სუპერმარკეტებში. „სადილი“ მომხმარებელს მზა სადილების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქცია გათვლილია როგორც ყოველდღიურ მოხმარებაზე, ასევე აქტიურად გამოიყენება ლაშქრობა – პიკნიკისთვის.
„ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ლაშქრობა და პიკნიკებია, მაგრამ ძირითადი ხაზი ყოველდღიური მოხმარებაა, საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გვაქვს, არის მზა სადილებიც, რომელიც მხოლოდ გაცხელებას საჭიროებს, ასევე გვაქვს ხორც პროდუქტებიც. მოშუშული ხორცის სახით, რომელსაც სადილების მოსამზადებლად იყენებენ. ძირითადად გაყიდვები ამ პროდუქტზე მოდის, რაც ეხება იგივე მზა სადილებს, ტოლმა, ხარჩო და ა.შ. ამ მიმართულებით ახალ დიზაინებზე ვმუშაობთ, მთლიანად ვცვლით ვიზუალებს, ეტიკეტირებას, შეფუთვას და სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ ბაზარზე აქტიურად გამოვიდეთ. ჯამში დაახლოებით 18 დასახელების პროდუქტი გვექნება, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით გავუშვებთ რეალიზაციაში. რაც შეეხება ახალ პროდუქტებს ესენია:
საცივი, ლობიო, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ოსტრი, ქათმის ჩახოხბილი, ხარჩო მეგრულად, ფლავი კახურად, კუპატი. ჩვენ აქამდეც ვაწარმოებდით ტოლმას ვაზის ფოთოლში და ხარჩოს, თუმცა ბაზარს ძალიან მწირი რაოდენობით მიეწოდებოდა, სექტემბრიდან კი მზა სადილები უფრო ფართო მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასორტიმენტში ჯამში 18 დასახელების სადილი გვექნება“-აღნიშნა გიორგი ყაჭიურმა.
რაც შეეხება ნედლეულს, გიორგი ყაჭიური აცხადებს, რომ კომპანია ნედლეულის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე იბარებს, ნაწილი კი ბრაზილიიდან შემოაქვს, კომპანიამ ასორტიმენტს ასევე თევზის კონსერვიც დაამატა, რომელიც ბალტიის ქვეყნებიდან შემოდის. რაც შეეხება ექსპორტს გიორგი ყაჭიური „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე წელს აქტიურად მუშაობდნენ პროდუქციის უკრაინაში ექსპორტზე, ასევე „სადილის“ პროდუქტები გავიდა კანადაში და თანამშრომლობას იწყებს აზერბაიჯანთან.