ახალი ამბები

რა მიმართულებით იგეგმება შიდა რეისების შესრულება თელავის აეროპორტიდან

თელავის აეროპორტიდან „მიმინო“ რეგულარული რეისების მიღება ოქტომბრიდან იგეგმება.

როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დავით ტეფნაძემ განუაცხადა, უახლოეს ხანებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე ტენდერს გამოაცხადებს, რომელშიც უკვე გათვალისწინებული იქნება თელავის აეროპორტში რეისების შესრულების საკითხიც. მისი განმარტებით, განიხილება თელავი-ბათუმისა და თელავი-მესტიის მიმართულებაზე რეისებს დაწყება, თუმცა კონკრეტულად რომელი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს, ეს ტენდერის შემდეგ გახდება ცნობილი.

თელავის აეროპორტი “მიმინო” საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია, სადაც სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები ხორციელდება. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით:აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი. აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.

იხილეთ ვრცლად ამავე საკითხზე:

 

აეროპორტი “მიმინო” 30-წლიანი პაუზის შემდეგ შიდა რეისებს განაახლებს