რა სანქციების ამოქმედება იგეგმება მძღოლებისთვის და როგორ აფასებენ სიახლეს კახეთში
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, საგზაო წესების დარღვევისთვის რეგულაციები მკაცრდება და ჯარიმების ოდენობა იზრდება.
ცვლილებების მიხედვით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. იკრძალება და დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტიც. გარდა ამისა, ისეთი ტრანსპორტის მართვა, რომლის ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება – სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა შემოდის. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 1 000 ლარამდე გაიზრდება.
,,ინიციტივის მიხედვით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. გარდა ამისა, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც პირის 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.
ამასთან, ცვლილებებით, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარის. ასევე დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას- 300 ლარის ოდენობით.
თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით”,- ნათქვამია კანონპროექტში, რომლის განხილვაც პარლამენტში მოხდება.
შსს-ს ინიციატივით, ასევე დასჯადი უნდა იყოს ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება. ინიციატივის მიხედვით ეს ფაქტი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
,,სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი – შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
ამავე პროექტით, იზრდება სანქცია სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე.
კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა.
გარდა ამისა, დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა შემოდის. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 1 000 ლარამდე გაიზრდება. ხოლო, ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც სანქცია 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება. ასევე, სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის”,- აღნიშნულია ინიციატივის დოკუმენტში.
აღნიშნულ სიახლეს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს. კახეთის რეგიონში მცხოვრებლების თქმით, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ავარიები.
,,ძალიან კარგია, რომ გამკაცრდება რეგულაციები და ჯარიმა გაიზრდება. ზოგ მძღოლს არ ეშინია არც კამერების, არც ჯარიმის და სწრაფად გადაადგილდება, არღვევს საგზაო რეგულაციებს. ამიტომ ხდება ამდენი ავარიები, რომ არ იცავენ კანონს და წესრიგს. რაც მეტი იქნება ჯარიმა მით უკეთესი, რადგან შეეშინდებათ და დაემორჩილებიან საგზაო წესებს. კარგი იქნება თუ მოტოციკლებთან დაკავშირებითაც გამკაცრდება რეგულაციები”,- აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას ადგილობრივები.
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა თვლის, რომ ავტოავარიები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ მოხდება ეფექტური რეგულაციების გატარება და შემდეგ მისი აღსრულება.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, საქართველოში ხშირია საგზაო მოძრაობის უხეში დარღვევები. კერძოდ, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად გზებზე სულ უფრო მეტი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა ფიქსირდება. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მწვავე აუცილებლობა დგას. დაფიქსირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდა სიკვდილიანობის და დაშავებულთა რაოდენობის კლების პარალელურად შესაძლოა დაკავშირებული იყოს სადაზღვევო კულტურის და პოლიციაზე მიმართვიანობის ზრდასთან.
,,დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკაზე დაკვირვებით, თვალსაჩინოა 2020 წელს დაშავებულთა რაოდენობის შემცირება 7,921-დან 6,640-მდე, რისი ერთ-ერთ განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს კოვიდის დროს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად გადაადგილების შემცირებული ინტენსივობა. დამატებით, 2018 წელს დაინერგა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.
სტატისტიკაზე პირველადი დაკვირვებით, თვალსაჩინოა 2019 წელს იმ პირების მნიშვნელოვნად მაღალი რაოდენობა, ვისაც დააკლდათ ან გაუნულდათ ქულები მართვის მოწმობაზე, ხოლო 2020 და 2021 წლებში თითქმის განახევრებული რაოდენობა ფიქსირდება. 2020 წელს თვალსაჩინოა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობის შემცირება, 7,921-დან 6,640-მდე. 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობამ 12.7 მილიონი შეადგინა; 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 7.1 მილიონი ერთეული ვიდეოჯარიმა გამოიწერა, ხოლო მათ შედეგად დარიცხული თანხა დაახლოებით 302 მილიონ ლარს აღწევს; საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით თბილისში დაფიქსირდა, ჯამში 6.4 მილიონი დარღვევა; გამოწერილ საჯარიმო ქვითრებს შორის ვიდეო ჯარიმების წილი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს, ვიდეო-ჯარიმები მთლიანი რაოდენობის 18.4%-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს 75%-ს აღწევდა”,- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 305 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, 5746 კი დაშავდა. მათივე ცნობით, 2021 წლის სამივე კვარტალში მომხდარი საგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება, ამასთანავე, ლეტალობა 9,4%-ით შემცირდა, ხოლო სხეულის დაზიანება 15%-ით გაიზარდა.
,,სტატისტიკის მიხედვით, საგზაო დარღვევების რიცხვი მზარდია, განსაკუთრებით კი იზრდება ისეთი უხეში დარღვევები როგორიცაა – საპირისპირო ზოლში მოძრაობა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და სხვა. ქულათა სისტემის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მისი ადმინისტრირების სირთულიდან გამომდინარე (საპატრულო პოლიციის მიერ ხდება ქულათა ჩამოკლება) უხეში დარღვევების აღკვეთა ვერ ხერხდება, შესაბამისად, მოქმედების შემდეგ ეტაპზე გადასვლაა საჭირო და ქულების ჩამოკლება უხეში დარღვევებისთვის ჭკვიანმა კამერებმა უნდა გააკონტროლონ.
აღსანიშნავია, რომ სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, ქალაქის გზებზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტები გადასახედია და დასაახლოვებელი ევროპულ სტანდარტებთან“,- ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.