ახალი ამბები

მობილური ახალგაზრდული მუშაკი თელავიდან

24 წლის თელაველი თამაზ ხალხელაური მობილური ახალგაზრდული მუშაკია, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში მოღვაწეობს. ის წლებია სხვადასხვა აქტივობებში იღებს მონაწილეობას და ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათი უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს.

knews.ge-მ ახალგაზრდასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თამაზი საუბრობს ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობაზე.

„ახალგაზრდული მუშაკი ეს არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლებით, ანვითარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან კომპეტენციებს მათი ინტერესების გამოყენებით და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის საჭირო სერვისების დანერგვასა და განვითარებას. მე, ვალდებული ვარ ახალგაზრდას განვითარების პროცესში გვერდში დავუდგე, მივიღო ისეთი, როგორიც არის და მივცე მარტივი გზა ამისთვის.

ამ ყველაფერს ვაკეთებ ძალიან ბევრი სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით, რომლებიც მათ ინტერესებზე და საჭიროებებზეა მორგებული“,-აცხადებს ახალგაზრდა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის, ისე მისი სამიზნე აუდიტორიისთვის.

„ჩემთვის ახალგაზრდული საქმიანობა (მობილური ახალგაზრდული მუშაკი – მუშაობს ისეთ ადგილებში სადაც ახალგაზრდული სერვისები არ არის ან ახალგაზრდები არ იყენებენ ამ სერვისებს. მობილური ახალგაზრდული მუშაკი მიდის ახალგაზრდასთან ადგილზე) ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიყვარს ახალგაზრდები და მიყვარს შედეგის დანახვა. თქვენც უნდა სცადოთ და მერწმუნეთ, როდესაც ამას შეიგრძნობთ, თქვენც მოგინდებათ ახალგაზრდული მუშაკობა.

ახალგაზრდების ბევრი კატეგორია არსებობს, თუმცა, თუ დავიცავთ მარტივ „კანონს“_ მივიღოთ ისეთები როგორებიც არიან, ამარტივებს მათთან მუშაობას. მათთან მუშაობისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მთავარი წესი, რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებ: “არ ავნო”,-განაცხადა ხალხელაურმა.

როგორც თამაზი ამბობს, მისი მთავარი მოტივაცია არის მრავალფეროვნება ამ საქმიანობაში.

„მთავარი მოტივაცია, რომ გავყოლოდი ამ პროფესიას, არის მრავალფეროვნება და ადამიანები. ყველა ადამიანი საინტერესოა თავის მხრივ და როცა პროცესი საინტერესოც არის და შემეცნებითიც, ეს ნამდვილად მამოტივირებელია ჩემთვის. ასევე, მინდა იმ დიდი პროცესის ნაწილი ვიყო, რასაც ძლიერი და დამოუკიდებელი ახალგაზრდა თაობა ქვია.

ჩემი მიზანია ჩვენს ქვეყანაში არ იყოს ისეთი ერთი ახალგაზრდაც კი, ვინც ვერ იგრძნობს გვერდში დგომას და შეეშინდება ქმედების. ჩემი გეგმებიც სწორედ ამ მნიშვნელოვან გზას უკავშირდება_ ყოველდღიურად უნდა გავიზარდო როგორც ახალგაზრდული მუშაკი და ამ პროფესიას გავუწიო პოპულარიზება, რადგან ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ბევრი ასეთი ახალგაზრდა“,-ამბობს თამაზი.