პროკურატურამ სიღნაღში მომხდარი მეუღლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შემთხვევის დღეს, მამაკაცმა ცოლს სანადირო თოფიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს,რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აცხადებენ პროკურატურაში.