ახალი ამბები

მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა. #445-ე დადგენილების თანახმად, ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.

დოკუმენტში მოცემულია ღორების სადგომის და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ დეტალური მოთხოვნები. ამასთან, აღნიშნულია, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც ასაქმებს ან ჩართავს პირს ღორების მოსავლელად, უნდა უზრუნველყოს აღნიშნულმა პირმა, რომელიც ზრუნავს ცხოველებზე, მიიღოს ინსტრუქციები და მითითებები. მას ასევე, „გავლილი უნდა ჰქონდეს კეთილდღეობის ასპექტებზე ფოკუსირებული სასწავლო კურსები“.

რაც შეეხება სპეციფიკურ მოთხოვნებს, დოკუმენტის თანახმად, შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური; ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი; ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ: ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად; დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება; სხვა ღორების დანახვის საშუალება. ღორების სადგომის იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი; ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს; ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე.

დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია ღორებისთვის ჩასატარებელი პროცედურების შესახებ, რომელიც ამავე დადგენილებით, მხოლოდ ვეტერინარის ან იმ პირის მიერ უნდა განხორციელდეს, რომელიც კომპეტენტური და გამოცდილია, ასევე ფლობს შესაბამის ტექნიკას და იცავს ჰიგიენურ პირობებს.

„თუ კუდის დამაგრება ან კასტრაცია ხდება სიცოცხლის მეშვიდე დღის შემდეგ, ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ ანესთეზიით და დამატებითი ხანგრძლივი ანალგეზიით ვეტერინარის მიერ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დადგენილების შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს. სააგენტო ყოველი წლის 31 აგვისტომდე წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინა წლის წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთვის. ანგარიშს თან უნდა ახლდეს შეუსაბამობის ყველაზე სერიოზული დარღვევების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მათი წარმოშობა მომდევნო წლებისთვის. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში იმპორტის განსახორციელებლად სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ცხოველებს თან უნდა ახლდეთ სერტიფიკატი.