ახალი ამბები

ერთ თვეში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3 217-ით გაიზარდა

2022 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 3 217-ით მეტი მოქალაქე იღებდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისში ქვეყნის მასშტაბით შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 664 278 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 17.8% იღებს.

ივლისში საარსებო შემწეობისთვის ბიუჯეტიდან 56 მლნ 710 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში კი მათი რაოდენობა 16 102-ითაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, PMCG-ის კვლევის თანახმად, 2019-დან 2021 წლამდე, საქართველოში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 174 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 351 ათასითაა გაზრდილი (14%).