კახეთში ფერმერები საზამთროს და ნესვის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ
კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები, საზამთროს და ნესვის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ისინი ამბობენ, რომ კილოგრამის ფასი გასულ წლებთან შედარებით დაბალია, თუმცა მყიდველი მაინც არ ჩანს. ფერმერების თქმით, ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს, სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ მოსავლის რეალიზებას.
ფერმერები ამბობენ, რომ დაბალი ფასის გამო საზამთროს მოსავალი ისე ფუჭდება დაკრეფასაც არ აქვს აზრი. ისინი დახმარებას ითხოვენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ ქართული პროდუქცია უცხოურს კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზეც კი ვერ უწევს.
,,მოსავლის მოყვანა ძვირი ჯდება, ვუვლის, მოგვყავს მოსავალი წვალებით და ფასი არ აქვს. ახლაც სეზონია ნესვის და საზამთროსი, ვერც ვკრეფავთ ისე ფუჭდება, რადგან მყიდველი არ არის. თურქეთიდან არის შემოტანილი და ისინი უფრო იყიდება, ვიდრე ადგილობრივის მიერ მოყვანილი. კილოგრამი საზამთრო 18-20 თეთრი ღირს, მაგრამ ასედაც არ იყიდება. რაც დავხარჯეთ იმასაც ვერ ვინაზღაურებთ”,- განუცხადეს Knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერებმა.
საზამთროს და ნესვის მოსავლის რეალიზების პრობლემა აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში მცხოვრებ ეკომიგრანტ თამაზ ირემაძეს. მისი თქმით, 2 ჰექტარ მიწის ფართობზე საზამთრო, ხოლო 3 ჰექტარზე ნესვი მოყავთ. ფერმერი აცხადებს, რომ ზაფხულისთვის დაახლოებით 100 ტონა ნესვი და 50 ტონა საზამთრო მოიყვანეს. აქედან ჯერ მხოლოდ 15 ტონა ნესვი, კილოგრამი 10-15 თეთრად გაყიდეს. დანარჩენი კი ბაღში ულპებათ.
„ნესვი აღარ იყიდება. 10 თეთრს ვაფასებთ და მყიდველი არ არის. ეს ისეთი ხილია, მაქსიმუმ 10 დღე შეინახოს. ამ პერიოდში თუ არ გაიყიდა, ბაღშივე დალპება. ისეთი მდგომარეობაა, უფასოდაც არავის მიაქვს”,- ახადებს თამაზ ირემაძე.
ნესვის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მცხოვრები ფერმერი, დავით პარწიკანაშვილი. მისი თქმით, მიუხედავად დაბალი ფასისა, ის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებს და შესაძლოა მოსავალი მალე გადასაყრელი გაუხდეს.
„კახეთში ნესვი, რომ იტყვიან, გადასაყრელია. 10 თეთრს ვაფასებთ და არავინ ყიდლობს. 1 კვირაა უკვე რაც ასეა და კიდევ უფრო იმატებს მოსავალი”, – წერს სოციალურ დავით პარწიკანაშვილი.
კახეთში საზამთროსა და ნესვის მოსავალი ძირითადად ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოჰყავთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ 60-დან 72 ათას ტონამდე საზამთროს მოსავალია. დაახლოებით 9 ათასი ტონა კი ნესვი.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოში საზამთროს იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ პირველ 6 თვეში 1 415 ტონით მეტი საზამთრო იყიდა. კერძოდ, 2021 წლის პირველ ნახევარში, ქვეყანამ 938 ათასი აშშ დოლარის 10,434 ტონა საზამთრო იყიდა, მიმდინარე წელს კი, 2,189 მლნ აშშ დოლარის 11,849 ტონა საზამთრო. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, საიდანაც 1.7 მლნ-ს პროდუქტი შემოვიდა, თურქეთია. აღსანიშნავია, რომ შემცირებულია ექსპორტი. 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან 1,745 ტონა საზამთრო გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 819 ტონა. გასულ წელს პროდუქტი სომხეთსა და რუსეთში გაიყიდა, წელს კი, საექსპორტო ქვეყნებში რუსეთი აღარ არის.