ადგილობრივები- სოფელ ალვანში სასმელ წყალს მკვდარი თევზები მოჰყვება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელ წყალს მკვდარი თევზები მოჰყვება.
სოფლის მკვიდრი ნანა მარშანია ამბობს, რომ დაბინძურებული წყლის გამო მილები გაიჭედა და სასმელი წყალი შეწყდა.
“წყალი რომ შეგვიწყდა, ვნახეთ წყლის მილი და თევზი გვესტუმრა სახლში”- ამბობს მარშანია.
სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტზე საუბრობენ სხვა ადგილობრივები. ისინი წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ალვანში წყლის დაბინძურების ფაქტები გამორიცხულია. მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ წყლის სათავე ნაგებობები დაცულია.
“სამი სათავე ნაგებობაა, რომლებიც ზემო და ქვემო ალვანს ემსახურება. ისინი არის კარგად დახურული და დაცული. მუდმივად იწმინდება, მოწმდება და სასმელად ვარგისია”- აცხადებს ნასყიდაშვილი.