საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა – TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ანგარიშის თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტმა საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა.
TI-ს ინფორმაციით, პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში 1 105 617 ლარი დაუკავდა.
„მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე.
ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი. ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას“, – აღნიშნულია მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა. სიტყვით გამოსვლის უფლებით კი არ უსარგებლია 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს ძირითად გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.
TI-ს ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტში ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ყველაზე პასიური კი – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვისას პარლამენტი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობას. ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა არ მომხდარა ან არგუმენტაციის გარეშე შეჩერდა, მაგალითად: საკანონმდებლო პაკეტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ, კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები.
გაგრძელდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკა და კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებამ სისტემატური ხასიათი მიიღო. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 95 კანონის პროექტი მიიღო. 46 საკანონმდებლო პაკეტთან (242 კანონის პროექტი) დაკავშირებით, ვადა 94-ჯერ გაგრძელდა; განხილვის ვადა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და აღსრულების კოდექსს“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”.
ანგარიშის თანახმად, პრობლემა იყო მიღებული კანონების დროულად ამოქმედებაც.
Ti-ს ინფორმაციით, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა.